ზღვის ძუძუმწოვრები შავი ზღვის სანაპიროზე იხოცებიან

წლის დასაწყისიდან სანაპიროზე მკვდარი დელფინი და ზღვის ღორი აღმოაჩინეს
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს ზღვის სანაპიროზე წელს ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ.

როგორც გუჩმანიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ბოლო შემთხვევა სამშაბათს დაფიქსირდა. მკვდარი ზღვის ღორი ბათუმში „ანბანის კოშკის“ ნაპირზე გამოირიყა. მანამდე ნაპირზე მკვდარი დელფინი ნახეს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კონკრეტული შემთხვერვა ძლიერ შტორმს უნდა უკავშირდებოდეს“, — წერს გუჩმანიძე.

ბათუმის ზოოკუთხეში ცხოველები იხოცებიან

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შტორმი შავ ზღვაზე 4-5 ბალს აღწევს.

განმუხურიდან სარფამდე შავი ზღვის სანაპიროზე 2017 წელს 98 ძუძუმწოვარი გამოირიყა.

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი — ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ძუძუმწოვრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან. მეორე — ეს არის პათოლოგიები, რომლებიც დაავადებებსა და ინფექციებს უკავშირდება. მესამე  — სანავიგაციო ტრავმა, როდესაც ისინი გემებს, კატერებს ეჯახებიან და კვდებიან და მეოთხე მიზეზი — თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრა.

შავი ზღვის სანაპიროზე ძუძუმწოვართა დაღუპვის შემთხვევების უმრავლესობა, რომლებიც სპეციალისტებმა შეისწავლეს, პათოლოგიის შემთხვევებს განეკუთვნება. როგორც წესი, დაავადებებისა და ინფექციების უდიდესი ნაწილი ზღვის წყლის დაბინძურებას უკავშირდება.