საქმეს ბოლომდე მივიყვანთ! – შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში თავისი მოადგილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი უარყო.
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას დაკითხვას ესწრებოდა, რადგან ის საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობს, განუმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. ის რუსთავის „სტამბოლის ბაზრის" ტერიტორიაზე, საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. ქუთათელაძე „სტამბოლის ბაზრის" თანამფლობელი იყო. ამ საქმის ფარგლებში მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ გიორგი ჭანტურია დააკავა საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით. თუმცა ბრალის წარდგენის გარეშე დაკავებიდან 40 საათში ის გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე ჭანტურიასგან მკვლელობის აღიარებას მოითხოვდა.

„ჩემი პირველი მოადგილე გახლავთ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი და ის პირდაპირ ასრულებდა თავის ფუნქციებს. ის ასრულებს საგამოძიებო ფუნქციებს და გააგრძელებს ამ ფუნქციების შესრულებას. არანაირ გადამეტებას იქ არ ჰქონია ადგილი. თუ ტაქტიკა — თავდასხმა არის, საუკეთესო თავდაცვა იქნება არჩეული, ამას ჩვენზე ზემოქმედება არ ექნება. ჩვენი ამოცანაა საქმის გახსნა და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", — განაცხადა გახარიამ.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა: ბოლო ცნობები

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ აღმოჩნდა სწორედ ჭანტურია ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ყურადღების ცენტრში. ჭანტურია, როგორც ცნობილია, კახეთის რეგიონის ყოფილი პროკურორია, ხოლო მისი ოჯახის წევრები "სტამბოლის ბაზრის" წილებს ფლობდნენ, თუმცა 2010 წელს მათ წილების დათმობა აიძულეს.

„გამოძიება ასრულებს თავის ფუნქციას და გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბატონი ჭანტურია იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ბატონ ქუთათელაძესთან და ამიტომ გამოძიება… გააგრძელებს თავისი ფუნქციის შესრულებას. ყველა ადამიანის მიმართ, რომელთანაც გარკვეული ეჭვი არსებობს, შესაბამისი ქმედებები იქნება გატარებული", — განაცხადა გახარიამ.

პოლიცია განაგრძობს იმ ადამიანების დაკითხვას, რომლებსაც გარკვეული ფორმით კავშირი ჰქონდათ ქუთათელაძესთან. კერძოდ, გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს გიორგი ჭანტურიას მამა ზურაბ ჭანტურია, ასევე ბაზრის ყოფილი და ამჟამინდელი თანამფლობელები.

გარდა ამისა, რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველები და პოლიციის თანამშრომლები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი მკვლელობის იარაღსა და ტანსაცმელს ეძებენ.

რაც შეეხება ქუთათელაძეს, ის ადრე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო, მოგვიანებით კი შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სარდალი.

ქუთათელაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე იყო. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. შტატ ჯორჯიასა და აშშ-ის არმიაში განსაკუთრებული სამხედრო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია მედლებით.

ქუთათელაძე აშშ-ის საპატიო გენერალ-მაიორი და საჩხერის საპატიო მოქალაქე იყო.