თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოში სულ უფრო მეტი ავიაკომპანია საქმიანობს – 2017 წელს რეგულარული ავიარეისები 53-მა ავიაკომპანიამ განახორციელა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 51,4%-ით მეტია.
2017 წელს ავიაკომპანიებმა დაახლოებით 4 მლნ მგზავრი გადაიყვანეს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 43,4%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს აეროპორტები 2017 წელს რეგულარული და არარეგულარული ავიარეისებით დაახლოებით 4,1 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 43,3%-ით მეტია.
კერძოდ, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 3,2 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წელთან შედარებით 40,5%-ით მეტია.
ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 2017 წელს დაახლოებით 495,7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 58,7%-ით მეტია.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში გასული წლის 12 თვეში მგზავრთა ნაკადი გასულ წელთან შედარებით 49,3%-ით გაიზარდა და 405,2 ათასი ადამიანი შეადგინა.
2017 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 12,6%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში 144,6 ათასზე მეტი ფრენა დაფიქსირდა.
მთლიანობაში საქართველოს აეროპორტებში დაახლოებით 21 ათასი სამგზავრო და სატვირთო ავიარეისი განხორციელდა, მათ შორის 17,8 ათასი – რეგულარული, ხოლო 3,1 ათასი – ჩარტერული, რაც 37%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.