ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: „მოდი MAN“-ი თბილისის ქუჩებში

რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტმა შოთა ნოზაძემ ერთი დღით სალათისფერი ჟილეტი მოირგო და ავტოსადგომის მორიგე გახდა.
Sputnik

ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული სფეროა, რომელსაც არც დამსაქმებელი ჰყავს და არც მაკონტროლებელი, მაგრამ ჰყავს თვითდასაქმებულები, რომლებიც გამოიმუშავებენ თანხას, თავად ადგენენ სამუშაო გრაფიკს, წესებს და ერთმანეთშიც აღარ კამათობენ. ისინი არც არავის წინაშე არიან ანგარიშვალდებული.

მათ ყველა იცნობს — სალათისფერი ან სტაფილოსფერი, სინათლისამრეკლი ზოლებიანი ჟილეტებით მანქანის გასაჩერებელ ადგილებთან დგანან და მძღოლებს პარკირებისთვის ადგილის პოვნასა და ავტომობილის გაჩერებაში ეხმარებიან.

Репортер Sputnik в роли стоянщика

ზოგს აღიზიანებს მათი გამოჩენა და შეთავაზებულ დახმარებაზე უარს ამბობს, ზოგი კი, პირიქით, დახმარებას სთხოვს, როცა პარკირება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ავტოსადგომის მორიგეს თბილისში ადგილობრივები „სტაიანშიკს" ეძახიან. უცხოელებმა კი „მოდიმენი“ შეარქვეს სიტყვა „მოდი, მოდიდან” გამომდინარე, რომლის ხმარებაც ყველაზე ხშირად უწევთ ავტოსადგომის მორიგეებს.

Репортер Sputnik в роли стоянщика

…მეც მივედი და „სტაიანშიკმა“ ოთარმა მანქანის გასაჩერებელი 13 ადგილი ჩამაბარა. ახალგაზრდა და თავაზიანი ოთარი, რომელიც პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დამეხმარა, სამი წლის განმავლობაში დღეგამოშვებით, დღეში ათი საათი მუშაობს მიჩნეულ ადგილზე, ღია ცის ქვეშ, თაკარა მზეზე, ქარში, წვიმასა და ყინვაში. მისი მთავარი მოტივაციაა „პურის ფულის“ სახლში წაღება. გამოცდილმა ოთარმა რამდენიმე ენაზე იცის სიტყვა „მოდი“.

13 ადგილი კია, მაგრამ მანქანის გასაჩერებელი რამდენიმე ადგილი იქვე მცხოვრებლებს აქვთ დაკავებული და ეს მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგია, რადგან თუ მანქანა სადგომზე დიდი ხნით გაჩერდება, შესაბამისად, დღის ბოლოს ნაკლებს გამოიმუშავებს…

როგორ მუშაობენ თბილისის მესადგომეები: Sputnik-საქართველოს ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული სპეციფიკურ ჟილეტზე და ჯოხის ქნევის სიმარდეზეც.

.

— მოდი, მოდი, მოდი… და პირველი მანქანაც გავაჩერეთ. გაგვიმართლა – მძღოლი მალევე დაბრუნდა. გამოსვლისას მძღოლს ჩემი დახმარება არ დასჭირდა. მანქანაში ხურდა ფული მოძებნა და მაძლევს. ვეკითხები:

— ბატონო, პარკირების საშვი ნაყიდი გაქვთ?

— დიახ.

— მაშინ დამატებით რატომ მიხდით ფულს?

ეღიმება

— 20 წელია ავტომობილს ვმართავ, არა მგონია, პარკირებისას დახმარება მჭირდებოდეს, უბრალოდ, ჩემი მხრიდან 50 თეთრი შემოწირულობაა, თქვენც ხომ ამისთვის ხართ აქ…

… და თითქმის მუქთად პირველი 50 თეთრი გამოვიმუშავე!

Репортер Sputnik в роли стоянщика

პირველ გასამრჯელოს ხან 30 თეთრი, ერთი ლარი, ხანაც მხოლოდ „მადლობა“ მოჰყვა…

ჯიბეები ნელ-ნელა დამძიმდა…

„სტაიანშიკებს“ მანქანის გასაჩერებელ ადგილებზე თავიანთი გავლენის ფარგლები განსაზღვრული აქვთ და მკაცრად იცავენ წესებს, ამიტომ ერთმანეთში უთანხმოებაც ნაკლებად მოსდით. ამასთან, არავინ იცის, ვინ განსაზღვრა ეს ადგილები — მათთან ქალაქის მერიას და C.T. Park-ს კავშირი არ აქვთ. ზოლებიან ჟილეტებს, როგორც თავად ამბობენ, საკუთარი სახსრებით ყიდულობენ, ისევე, როგორც ხელჯოხებს.

Стоянщик на парковке

„სტაიანშიკის“ პროფესია, გარდა იმისა, რომ საკმაო გამძლეობას მოითხოვს, განსაკუთრებულ „სიმარდესთანაც“ არის დაკავშირებული, რადგან სადგომებიდან სამი-ოთხი მანქანა ისე „გაიპარა“, რომ არც თანხა და არც მადლობა არ დაუტოვებია…

მოვიდა საღამო და დავთვალე „შემოწირულობები“. რვა საათის განმავლობაში 12 ლარი და 40 თეთრი მოგროვდა! მეცოტავა… დღის განმავლობაში უცხოელები 50 თეთრიდან ორ ლარამდე „შემოწირულობას“ გასცემდნენ, ქართველები — 60-70 თეთრამდე.

ალბათ გამოცდილება არ მეყო!..

ოთარმა მითხრა, რომ გამოცდილ „სტაიანშიკს“ ბევრად მეტის დაგროვება შეუძლია, ვიდრე 12 ლარია და  ვაკანსიაც „შემომთავაზა“ — ისეთი სამუშაოა, შემოსავალი სულ გექნება, როცა მოიფიქრებ, მოდიო…