„ლაბირინთში მორბენალი“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 25 - 28 იანვარს

„ლაბირინთში მორბენალი: სიკვდილით განკურნება“ და „პადინგტონის თავგადასავალი“, ასევე ახალი ქართული ფილმი მართლმადიდებელ წმინდანზე - „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ
Sputnik

25 იანვრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„ლაბირინთში მორბენალი: სიკვდილით განკურნება“ (Maze Runner: The Death Cure) — რეჟისორ უეს ბოლის ამერიკული ფანტასტიკური ბოევიკი, სერიის „ლაბირინთში მორბენალი“ მესამე ნაწილი. საგის ფინალში ტომასი ჩაუდგება სათავეში გლეიდერების საკუთარ ჯგუფს და მათთან ერთად ურთულესი მისიის შესასრულებლად გაემგზავრება. მეგობრების გადასარჩენად მათ უნდა შეაღწიონ ცოდვის ქალაქში — უაღრესად საშიშ ლაბირინთში. თუ ისინი იქ გადარჩენას შეძლებენ, მიიღებენ პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც გლეიდერებს ლაბირინთში პირველივე მოხვედრიდან აწუხებს. შეძლებს ტომასი და მისი გუნდი ჩანაფიქრის შესრულებას? თუ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული ავა პეიჯი იქნება? როლებში: როზა სალაზარი, დილან ო’ბრაიენი, ტომას სენგსტერი, კაია სკოდელარიო, უოლტონ გოგინსი,

საინტერესი ფაქტები: დილან ო’ბრაიენმა 2016 წლის მარტში ფილმის გადაღებებზე სერიოზული ტრავმა მიიღო. გადაღებები მხოლოდ ერთი წლის თავზე განახლდა, მხოლოდ ამ დროისათვის შეძლო მსახიობმა ძალების აღდგენა.

„პადინგტონის თავგადასავალი 2“ (Paddington 2) — ბრიტანელი რეჟისორის, პოლ კინგის ბრიტანულ-ფრანგული ოჯახური კომედიური ფილმი დათვის ბელზე სახელად პადინგტონი. სურათი ფილმ „პადინგტონის თავგადასავლების“ (2014) გაგრძელებაა. ფილმის პრემიერა დიდ ბრიტანეთში 2017 წლის 10 ნოემბერს შედგა. ერთხელ ანტიკვარულ მაღაზიაში პადინგტონი ლონდონის შესახებ ძველ იშვიათ წიგნს წააწყდება. კეთილ დათვს მაშინვე გაახსენდა დეიდა ლუსი, რომელიც ლონდონში წასვლაზე ოცნებობდა. მან დეიდასთვის ამ წიგნის ჩუქება გადაწყვიტა. მაგრამ ის ძალიან ძვირი ღირს. სანამ პადინგტონი მუშაობს და ფულს წიგნისათვის აგროვებს, წიგნს მოიპარავენ. ქურდი ხანდაზმული მსახიობი აღმოჩნდება, რომელმაც ძველი დიდება უკვე დიდი ხანია დაკარგა. გარდასახვის ბრწყინვალე უნარის გამოყენებით, ის ძველ იშვიათ ნივთებს იპარავს. მეგობრების დახმარებით, პადინგტონი აფერისტის გამოაშკარავებას გეგმავს.

საინტერესო ფაქტები: მაიკლ ბონდმა, პადინგტონზე ნაწარმოების ავტორმა, ამ პერსონაჟზე მუშაობა 1956 წელს დაიწყო. პადინგტონზე ფილმის გადაღებები 2016 წელს დაიწყო, ბონდი კი 91 წლის ასაკში ფილმის ძირითადი გადაღებების დასრულებამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მესამე ნაწილის შექმნაც იგეგმება.

„ექვთიმე ღვთისკაცი“ — რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც გამოჩენილი ისტორიკოსის, საზოგადო მოღვაწისა და მართლმადიდებელი წმინდანის, ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ მოგვითხრიბს. ფილმი 1921-1945 წლების მოვლენებს ასახავს. ეს არის ისტორია ნოე ჟორდანიას მთავრობასთან ერთად საფრამგეთში ემიგრირებული ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ქართული მატერიალური კულტურის ხაზინასა და მემკვიდრეობას. მთავარი როლი ფილმში რევაზ (რეზო) ჩხვიკვიშვილმა შეასრულა. ფილმი გადაღებულია ქართული საზოგადოებრიობის საქველმოქმედო შემოწირულობებით კინოკომპანია Lost Legends-ის მიერ. გადაღებები მიმდინარეობდა საქართველოში, საფრანგეთში, პარიზში და ლევილის მამულში.

საინტერესო ფაქტები: ევროპის სხვადასხვა მუზეუმების მრავალი მცდელობის მიუხედავად, შეეძინათ ქართული განძის ნაწილი და ასევე ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, ექვთიმეს კოლექციის არცერთი ექსპონატი არ გაუყიდია. თაყაიშვილი იცავდა კოლექციას 1933 წლამდე. ხოლო როდესაც ერთა ლიგამ საბჭოთა კავშირი აღიარა და საქართველოს მთავრობის საელჩო პარიზში გაუქმდა და „ქართულ ოფისად“ გარდაიქმნა, ხაზინა საფრანგეთის სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა.

1935 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა მოუწოდა საფრანგეთის მთავრობას გადაეცა განძი საქართველოსთვის, მაგრამ მან ეს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1945 წლის ნოემბერში მოახერხა. თავად თაყაიშვილი, რომელიც საქართველოში დაბრუნდა, ცხოვრება შინაპატიმრობაში გაატარა და 1953 წელს გარდაიცვალა.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ გილერმო დელ ტოროს ამერიკული მელოდრამა-ფენტეზი „წყლის ფორმა“ (The Shape of Water) და რეჟისორ ჯო რაიტის ბრიტანული დრამატული ბიოგრაფიული დრამა „ჩერჩილი: მძიმე დროება“ (Darkest Hour) გარი ოლდმენით მთავარ როლში.

ასევე კინოთეატრებშია — საშინელებათა ამერიკული ფილმი „ასტრალი 4“ (Insidious: The Last Key), აარონ სორკინის ამერიკული დრამა „მოლი — პოკერის დედოფალი“  (Molly's Game) ჯესიკა ჩესტეინით მთავარ როლში, სათავგადასავლო დრამა „მთები ჩვენს შორის“ (The Mountain Between Us) კეიტ უინსლეტით და იდრის ელბათი მთავარ როლებში, კომედია „თქვენში მამა რომელია?“ (The Greatest Showman), ბიოგრაფიული დრამატული მიუზიკლი „დიდი შოუმენი“ (The Greatest Showman), რეჟისორ ზურა მენთეშაშვილის ქართული სათავგადასავლო კომედია „ცელქი ბავშვები: ოპერაცია მეცხრე ცა“, სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი „ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“ (Jumanji: Welcome to the Jungle), „ვარსკვლავური ომების“ ლეგენდარული სერიის სიკველი „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ (Star Wars: The Last Jedi).

მულტფილმები ბავშვებისთვის: ანიმაციური სურათი „მწერების საიდუმლო ცხოვრება“, კომპიუტერული ანიმაციური მუსიკალური ფილმი „კოკო“ (Coco) და ამერიკული სრულმეტრაჟიანი კომედიური კომპიუტერული ანიმაციური ფილმი „ფერდინანდი“ (Ferdinand).

 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!