თბილისის მერი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

შეხვედრაზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე იმსჯელეს
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.

თბილისის მერი კახა კალაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჰარტვიგ შეიფერსა და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ასევე იმსჯელეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.

მსოფლიო ბანკმა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩართო, რისთვისაც კახა კალაძემ მათ მადლობა გადაუხადა.

„შემაშფოთებელი სტატისტიკა" – კალაძე თბილისში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე

„შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ჩვენი პროექტები და ხედვები გავაცანით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მათ მთელი რიგი მიმართულებებით მხარდაჭერა გამოხატეს. დარწმუნებული ვარ, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სრულყოფილი დოკუმენტი იქნება, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია", – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, მსოფლიო ბანკი თბილისის მერიასთან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს როგორც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების კუთხით, ასევე ქალაქის სოციალური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

„ეს თანამშრომლობა, ძირითადად, გენერალური გეგმის განვითარებას შეეხება. ასევე, თბილისის ისეთ ცენტრად ქცევას, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით მაღალგანვითარებული იქნება და ქვეყანაში მეტ ტურისტს მოიზიდავს", – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას საერთაშორისო ორგანიზაციები შეაფასებენ

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, მდგრადი განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი სარა მაიკლი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

25 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა საქართველოში 4,3 მილიარდი დოლარის 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა.

ყველაზე ცნობილი პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოში ახორციელებს — ეს არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აღმოსავლეთ-დასავლეთი, რომლის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეალიზებულია და კვლავ ხორციელდება უამრავი წარმატებული პროექტი, მათ შორის შიდასახელმწიფო და ადგილობრივი გზებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რემონტი.

მსოფლიო ბანკის დახმარებით აღდგენილია კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლები, ისტორიული რაიონები, მათკენ მიმავალი გზები და მიმდებარე ტერიტორია.

მსოფლიო ბანკმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს ხანძრით განადგურებული ბორჯომის ხეობის ნაწილის აღდგენაში ფინანსური და ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს.