საგამოძიებო სამსახურმა 3 050 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვადასხვა დასახელების 10 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი თბილისსა და სამეგრელოში გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს 3 050 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვას და ითვალისწინებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.