თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველომ ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებისა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების კუთხით წარმატებებს მიაღწია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.
დავოსში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი. ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.
„დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის მნიშვნელოვანი, რადგან აქ იკრიბებიან, როგორც პოლიტიკური ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ბიზნესის, მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ფორუმზე მაღალ დონეზეა წარმოდგენილი", — განაცხადა ჯანელიძემ, იუწყება საგარეო უწყება.
მინისტრმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა საკითხებს შეეხება პრემიერი კვირიკაშვილი თავის სიტყვაში. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში Strategic Outlook – Eurasia.
„პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება ჩვენს რეგიონს და მისი განვითარების პერსპექტივებს. საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. წელს ჩვენ ფორუმს კიდევ უფრო მეტი წარმატებით ვხვდებით. შესაბამისად, ამ ყველაფერს საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი წარუდგენს კომპანიებს, როგორც ფორუმის ფარგლებში, ისე — ორმხრივი შეხვედრებისას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ფორუმი საქართველოსთვის წარმატებული იქნება", — განაცხადა ჯანელიძემ.
ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კვირიკაშვილის ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე მსოფლიო წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. შეიქმნა 1971 წელს, როდესაც ჟენევაში სიმპოზიუმზე ევროპის 400 წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი შეიკრიბა. 1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას "მენეჯმენტის ევროპული ფორუმი" (European Management Forum) ეწოდებოდა.