სცენაზე მსახიობი უნდა აზროვნებდეს, უნდა ფიქრობდეს!

23 იანვარი აკაკი დვალიშვილის დაბადების დღეა.
Sputnik

აკაკი დვალიშვილი თითქმის 50 წელი ემსახურა თავის ქვეყანას, ქართულ ხელოვნებას და ყველგან, ყოველ საქმეს უაღრესად მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია, რადიკალური გარდატეხა შეიტანა კულტურის განვითარებაში.

დაიბადა ქუთაისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი), ქიმიის ფაკულტეტზე. თეატრის სიყვარულმა თავისი გაიტანა და 1944 წელს საბუთები შეიტანა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე.

აკაკი დვალიშვილი

თავად ასე იგონებდა: „1939 წლის იანვრის არდადეგებზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დავესწარი სპექტაკლ „ოტელოს“. მთავარ როლს ასრულებდა ალექსანდრე იმედაშვილი. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ნამდვილ და დიდ ხელოვნებასთან, რომელმაც მრავალი ასპექტით წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. საოცარი, გულში ჩამწვდომი, დამუხტული ხმა ჰქონდა იმედაშვილს. მონუსხული უსმენდა მთელი დარბაზი. ქუთაისში ვცხოვრობდი და შეჩვეული ვიყავი იმერულ ინტონაციებს. ეს კაცი კი რაღაც სხვა მუსიკალურ-ფონეტიკური ჟღერადობით მეტყველებდა, ბრწყინვალე ქართულით! კი მესმოდა, რასაც ამბობდა, მაგრამ განცვიფრებული დავრჩი, რადგან ასე არც სკოლაში საუბრობდნენ ჩემი მასწავლებელები, არც ოჯახში — მშობლები და არც ნაცნობ-მეგობრები. იმასაც კარგად მივხვდი, რომ ალექსანდრე იმედაშვილი ნამდვილი ტრაგიკოსი მსახიობი იყო. მაშინ ვერ გავაცნობიერე, მაგრამ შევიგრძენი თეატრალური ხელოვნების დიდებულება. 1939 წელს ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდა ჩემი ოჯახი. აქ ჩავირიცხე პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც, სხვათა შორის, ფრიადზე დავამთავრე. სკოლის პერიოდში მქონდა თეატრთან შეხების მცდელობა, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ გვინდოდა დაგვედგა. საოცრად მიზიდავდა თეატრი, მსახიობის თეატრი. თბილისში ჩამოსულმა ვნახე სპექტაკლები მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში. გავიდა დრო, შემიჩნდა რაღაც ჭია, რომელმაც აღარ მომასვენა. თეატრის მიმართ თანდათან სერიოზული ინტერესები გამიჩნდა. 1944 წელს თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანე საბუთები, გავედი გამოცდებზე და გავხდი სტუდენტი. ჩემი კურსელები იყვნენ მიხეილ თუმანიშვილი, ასიკო გამსახურდია, გიგა ლორთქიფანიძე და მუშეღ ბაბლოიანი“.

ილიკო სუხიშვილი და აკაკი დვალიშვილი

თეატრალური ინსტიტუტის დირექტორის, აკაკი ხორავას, ბრძანებით დატოვეს ინსტიტუტში რეჟისორისა და მსახიობის ოსტატობის კათედრაზე, ამავე დროს მიიღეს რუსთაველის თეატრში რეჟისორის ასისტენტის თანამდებობაზე. 14 წელი იყო კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი; მხატვართა კავშირის საგამოფენო კომიტეტის თავმჯდომარე; 1973 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

აკაკი დვალიშვილი და ოთარ იოსელიანი

რუსთაველის თეატრში აკაკი დვალიშვილმა ექვსი წელი იმუშავა და ექვსი სპექტაკლი დადგა, შემდეგ მთელი სიცოცხლე ჩინოვნიკის სახელმწიფოებრივ თანამდებობებს შეალია, მაგრამ სრულიად განსაკუთრებულია მისი ღვაწლი და ადგილი ქართული თეატრის ისტორიაში. მან შემოიტანა სიმართლის სრულიად განსხვავებული გრძნობა,  არ აინტერესებდა რეჟისორული ტრიუკები, მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა მსახიობის მართალ სიტყვაზე, განცდის უშუალობაზე, უბრალოებაზე:„მე ყოველთვის ვესწრაფვოდი ერთ რამეს, სცენაზე მსახიობი უნდა აზროვნებდეს, უნდა ფიქრობდეს და უნდა დაიბადოს ემოცია”.

მარინე თბილელი და აკაკი დვალიშვილი

1957 წელს აკაკი დვალიშვილმა ცოლად შეირთო ლეგენდარული მარინე თბილელი, დიდი ოჯახის დიდ თეატრალურ ტრადიციას დღეს ბაია დვალიშვილი აგრძელებს.

აკაკი დვალიშვილი ქალიშვილთან, ბაია დვალიშვილთან ერთად ერთად

აკაკი დვალიშვილის სახელს უკავშირდება თეატრალურ ინსტიტუტში კინოფაკულტეტის ჩამოყალიბება, კინომსახიობთა თეატრის დაარსება, ქართული კინოფესტივალების ჩატარება, მხატვრული გაერთიანებების შექმნა, ქართული კინოს ხელშეწყობა… მაგრამ, მიუხედავად მისი ღვაწლისა, მუდამ ჩრდილში იდგა, იცხოვრა უპრეტენზიოდ, ამბიციებისა და ორდენების გარეშე. ყველაფერში მაგალითის მიმცემი იყო, რადგან მისი სიცოცხლის ქვაკუთხედს ღირსება და კეთილშობილება წარმოადგენდა.

აკაკი დვალიშვილი და შალვა აზმაიფარაშვილი

აკაკი დვალიშვილმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შეეძლო. კომუნისტური დიქტატურის ეპოქაში ეროვნული საქმის კეთება სარისკო იყო, მაგრამ მას ეყო მოქალაქეობრივი მრწამსი, განათლება, ერუდიცია და დიპლომატია, რომ ჩინოვნიკის თანამდებობა ქართული კულტურის შესაწირი ყოფილიყო.