სამყარო ფოტოობიექტივიდან - როცა სიტყვები ზედმეტია...

სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა, ფაქტი საზოგადოების წინაშე სწორედ ფოტოგრაფს მოაქვს. შესაბამისად ისტორიას ყველაზე კარგად ფოტოები ინახავს. ეს ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა.
Sputnik

ახალგაზრდა ფოტოგრაფს შამილ კალიაევს კლარკის (Clark Prime) ფსევდონიმით იცნობენ. ფოტოგრაფიით ბავშვობიდან დაინტერესდა. როგორც ფოტოგრაფს, სურს ფანტაზიისა და მისტიკის სტილში დაიმკვიდროს თავი.

ფოტოგრაფი კლარკ პრაიმი

— შეიძლება ითქვას, რომ ფოტოგრაფიით ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული. მახსოვს პირველად ერთი პატარა ფირის აპარატით გადავიღე სურათი. რა თქმა უნდა, არც ვიცოდი რა გამოვიდოდა და რას ნიშნავდა სიტყვა „სურათი“. გადაღებული კადრების მოლოდინში ერთგვარ აზარტში შევდიოდი და უფრო და უფრო მიტაცებდა გადაღება. ასე ვთქვათ, ფოტოგრაფია ჩემთვის იყო და არის დროის მანქანა. ანუ, შემეძლო და ახლაც შემიძლია დროში უკან ვიმოგზაურო და გავიხსენო ის მომენტები, რაც მთელი ჩემი ცხოვრების ნაწილია! ასევე ფოტოგრაფიით შეგიძლია მარტივად შექმნა შენი რეალობა და სხვებსაც ანახო ის, თუ როგორ ხედავ შენ სამყაროს.

წითელ მოსასხამიანი გოგო

- პროფესიულ დონეზე როდის დაიწყეთ ფოტოგრაფობა?

— ზუსტად ერთი წელია. როგორც გითხარით თავიდან ვიღებდი გასართობად,  სამოყვარულო აპარატით. მაგრამ როცა გადავწყვიტე, რომ სერიოზულად მინდოდა ფოტოგრაფობა, მერე ახალი და უფრო მაგარი კამერა ვიყიდე. პირველი 8-9 თვე ჩემით ვსწავლობდი, როგორ გადამეღო კარგი და საინტერესო კადრები. ვკითხულობდი ფოტოგრაფიის ისტორიას და ვეცნობოდი სხვადასხვა ფოტოგრაფების ნამუშევრებს. ბოლო 4 თვეა, რაც გადავწყვიტე პროფესიონალურად მივუდგე ამ საქმეს და დავიწყე ფოტოგრაფიის კურსებზე სიარული. ეხლა უკვე სერტიფიკატით ხელში ვაწყობ მომავალ გეგმებს.

გოგონა კვამლში

- რას ნიშნავს იყო კარგი ფოტოგრაფი?

— იყო ფოტოგრაფი პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ გაქვს ფანტაზიის უნარი. ფოტოგრაფიით ცდილობ რამე ისტორია, ან ამბავი შენებურად მოყვე. თქვა ის, რის თქმაც სიტყვებით არ შეგიძლია. მე, როგორც ფოტოგრაფს, მინდა განვვითარდე ფანტაზიისა და მისტიკის სტილში. რაც კი ნახეთ ჩემი ნამუშევრებიდან, ყველა ჩემი იდეით და ხედვით არის გადაღებული. მინდა, რომ ის სამყარო, რაც ჩემს გონებაშია, გადმოვიტანო რეალობაში. ჩემი აზრით, ყველას შეუძლია თუნდაც ერთი სურათის დახმარებით იმოგზაუროს სულ სხვა სამყაროში. ადამიანებს ხანდახან სჭირდებათ რეალობიდან გაქცევა. შეიძლება ბევრმა ეს არ აღიაროს, მაგრამ ვიცი რომ ასეა! ვცდილობ ჩემი ზღაპრული სამყარო ვანახო ყველას. შეიძლება ჩემს ფოტოებზე წითელქუდაც ნახოთ, ჯადოქრებიც და სხვა ზღაპრული პერსონაჟებიც.  უბრალოდ უფრო მუქი და არასტანდარტული ფერებით.

გორაკზე აღმართული ქართული დროშა

- არაპროფესიონალ მოდელთან თუ გიმუშავიათ და რამდენად რთულია მათთან მუშაობა?

— ბევრჯერ მომიწია არაპროფესიონალ მოდელებთან მუშაობა და ნამდვილად არ იყო ადვილი. უმეტეს შემთხვევაში მოდელის დგომა და საჭირო მომენტების დაჭერა იყო მთავარი პრობლემა. რა თქმა უნდა, თავად ფოტოგრაფმაც უნდა იცოდეს რისი გადაღება უნდა და შემდეგ ეს აუხსნას მოდელს. რამდენად კარგი ფოტოები გამოვა, მხოლოდ მოდელზე არ არის დამოკიდებული. ფოტოგრაფმა თუ არ იცის, როგორ გადაიღოს ფოტო, ვერ ხედავს რა იქნება მეტად საინტერესო, შესაბამისად მოდელიც ვერ დაეხმარება ფოტოგრაფს მიზნის განხორციელებაში. ამ ერთი წლის განმავლობაში ვისწავლე ისიც, რომ მოდელთან უნდა იმეგობრო. მე, პირადად  მას ყველაფერზე ველაპარაკები, თითქმის ყველაფერზე ფოტოგრაფიის გარდა. ვსაუბრობთ ერთმანეთის ინტერესებზე, იდეებსა და სამომავლო გეგმებზე. ამით უფრო ვეცნობით ერთმანეთს, რის შედეგადაც „ფოტოგრაფი-მოდელის“ თანამშრომლობა გაცილებით ადვილად წარიმართება. თავისუფლად და კრეატიულად ვმუშაობთ. ამასთან ვცდილობ, რომ გადაღება მოსაწყენი არ იყოს, რათა კარგი ფოტოები გამოვიდეს. თუ გადაღების პროცესში არ გაერთე და არ ისიამოვნე, მგონი აზრიც არ აქვს ფოტოგრაფიის მიმართულებით გააგრძელო შენი საქმიანობა.

 

კლარკ პრაიმის ნამუშევარი

- ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოსესია გაიხსენეთ…

— ყველაზე მაგარი ფოტოსესია იყო, როცა პირველად ვცადე მისტიკისა და ფანტაზიის გადაღება. ზუსტად ერთი კვირა ვგეგმავდი ყველაფერს. მოდელი ჩემი მეგობარი იყო და ძალიან დამეხმარა. თმა და მაკიაჟი არაჩვეულებრივმა ადამიანმა გაუკეთა. ვთვლი, რომ ამ  ადამიანის გარეშე ასეთი კარგი ფოტოსესია არ გამოვიდოდა. მოვამზადეთ ყველაფერი და ავედით კოჯორში გადასაღებად. მახსოვდა, რომ იქ ისეთი გარემო იყო, რაც ძალიან მოუხდებოდა დაგეგმილ გადაღებას. ფოტოსესიისთვის  განსაკუთრებული სამოსი შევარჩიეთ. ეს იყო მოსასხამი, რომელიც ფარდისგან იყო გაკეთებული. გრძელი და ჰაეროვანი ფარდა, რომელიც ძალიან გამომადგა და შესაბამისი ხასიათიც შემოიტანა. რაღაც საოცარი დღე იყო. მახსოვს, რომ უმაგრეს ხასიათზე ვიყავი და ვიცოდი, რომ კარგი რაღაცები გამოვიდოდა და ასეც მოხდა! მას დღემდე ჩემს საუკეთესო ფოტოსესიად ვთვლი და ძალიან ვამაყობ! რა თქმა უნდა გავიყინეთ, მაგრამ ამად ღირდა. ამბობენ, ფოტოგრაფია მსხვერპლს მოითხოვსო და ზუსტად ასეა. როცა შედეგს მიიღებ სულაც აღარ ფიქრობ სიცივეზე, ან ფეხის ტკივილზე, დაღლილიც აღარ ხარ. უბრალოდ იმით ხარ ბედნიერი, რომ უფრო და უფრო სწავლობ და მოტივირებული აგრძელებ გზას.

ბაყაყი

- ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმუშავიათ?

— არ მახსენდება ექსტრემალურ სიტუაციაში მემუშაოს, გარდა ერთისა. ტურზე ვიყავი ყაზბეგში, სადაც ვიღებდი ფოტოებს. არც ისე იაფ ტექნიკას ვატარებდი. კისერზე მეკიდა ძვირადღირებული კამერა, ჩანთაში მედო კიდევ ორი ლინზა და ასე ავდიოდი კლდეებზე. ყველანაირად ვცდილობდი ბალანსი შემერჩუნებინა, რომ კარგი სურათები გადამეღო.

დათოვლილი მთები

- ვისაც ძვირიანი და ხარისხიანი აპარატი აქვს ყველას შეუძლია კარგი ფოტოების გადაღება? თუ ეს მხოლოდ აპარატზე არ არის დამოკიდებული?

— არა, რა თქმა უნდა, მთავარი არ არის ძვირიანი აპარატი, ან ბევრი აღჭურვილობა.  არც ერთი ძვირიანი და მაღალი ხარისხის აპარატი არ მოგცემს კარგ შედეგს, თუ არ გაქვს ხედვა. მაგალითად, მზარეულმა, რომელმაც იცის, როგორ უნდა გამოიყენოს დანა, თავის საქმეს ყველანაირი დანით გააკეთებს. სულაც არ არის საჭირო მისცე მსოფლიოში ყველაზე მჭრელი და გალესილი დანა, რათა თავისი დავალება შეასრულოს. ფოტოგრაფიას, ჩემი აზრით, აპარატი არ ქმნის. ფოტოგრაფია ადამიანების მიერ იქმნება. აპარატი უბრალოდ იმის საშუალებას გაძლევს, რომ სამუდამოდ აღბეჭდო ფოტოში ის კადრი, რასაც ხედავ. ისტორიები და ამბები ისედაც არსებობს. მთავარია ვინ, როგორ და რას ხედავს. ვიტყვი ასე: კარგი და გამოცდილი ფოტოგრაფი ერთი უბრალო სამოყვარულო აპარატითაც თავისუფლად შეძლებს კარგი კადრების გადაღებას.

- ფოტოგრაფისთვის ერთჯერადი სწავლა საკმარისია, თუ სულ სწავლის პროცესში უნდა იყოს იგი?

— გააჩნია. ეს ფოტოგრაფზეა დამოკიდებული. სხვათა შორის დღესდღეობით ბევრი ფოტოგრაფი აგრძელებს გადაღებას ფირით და ფირის აპარატებით. სიმართლე გითხრათ, ამ ბოლო დროს მეც მომეწონა ფირის ეფექტი. მეტ ლამაზ და საინტერესო ფერებს აფიქსირებს.  თუ დააკვირდებით, თითქოს ძველებური დროის ელემენტებიც მოაქვს. რაც შეეხება სწავლას, გეტყვით, რომ ყველა ფოტოგრაფი, თუნდაც ყველაზე ცნობილი და პროფესიონალი, სულ სწავლის პროცესშია. ფოტოგრაფია არ არის ისეთი დარგი, რომელსაც სტანდარტული საგნებით სწავლობ და ამის მიხედვით იღებ. სულ სწავლობ, სულ ახალი რაღაცების აღმოჩენაში ხარ. თუ მოგბეზრდა და არაფრის სწავლა არ გინდა, უბრალოდ გეტყვი- აღარ აიღო აპარატი. შეინახე სადმე, სადაც ხელს არ შეგიშლის და სხვა რამით გაერთე.

- რას ურჩევთ დამწყებ ფოტოგრაფებს?

— არ დაგეზაროთ! არ იზარმაცოთ! აიღეთ აპარატი და გადით გარეთ, ყველაფერი გადაიღეთ. სცადეთ ყველა ჟანრი. დაურეკეთ რომელიმე თქვენს მეგობარს, ერთად მოძებნეთ ისტორიები, ან ეცადეთ თქვენი ისტორია შექმნათ. ფოტოგრაფიაში რთული არაფერია. მიდით, გვანახეთ რა შეგიძლიათ. გვანახეთ თქვენი სამყარო!

რაც შეეხება აპარატს, მე მიყვარს და ვიყენებ Canon —ის კამერას. ვფიქრობ დასაწყისისთვის Canon EOS 600D ან 700D იქნება იდეალური. მერე უფრო და უფრო გაერკვევით ტეკნიკაში. აპარატს მოყვება თავისი ლინზა, ასე, რომ თავიდან ლინზის ყიდვაზე დარდი არ მოგიწევთ. მაგრამ თუ გადაწყვეტთ და სურვილი გექნებათ უფრო და უფრო მეტი ექსპერიმენტების ჩატარებისა, აქ უკვე შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვა ლინზებით გადაღება.

ნავსადგომი

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— ძალიან მინდა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში. მინდა აპარატი ავიღო და სადმე, ახალ ადგილას გავემგზავრო. ჩემი ოცნებაა იტალიაში წასვლა. ძალიან გრაფიკული და ლამაზი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი ადგილებით. რა თქმა უნდა, სტუდიაზეც მიფიქრია, მაგრამ ჯერ ჩემს თავს უნდა დავუმტკიცო, რომ მზად ვარ მაგისთვის. ჯერ-ჯერობით გავაგრძელებ ფოტოსესიებს და ვნახოთ მომავალი რას მოგვიტანს.