გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა: ბოლო ცნობები

„სტამბოლის ბაზრის“ თანამფლობელის, გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დღემდე არ დაუკავებიათ
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებები იმის შესახებ, რომ პოლიციელები მისგან აღიარებით ჩვენებებს მოითხოვდნენ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. ის რუსთავში „სტამბოლის ბაზრის" საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. ქუთათელაძე „სტამბოლის ბაზრის" თანამფლობელი იყო. ამ საქმის ფარგლებში მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ჭანტურია საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. თუმცა ბრალის წარდგენის გარეშე დაკავებიდან 40 საათში ის გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე ჭანტურიასგან მკვლელობის აღიარებას მოითხოვდა.

„ყოველგვარი განცხადებები ზეწოლის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და წარმოადგენს გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ტაქტიკას არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და თავი შეიკავონ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან“, — ნათქვამია განცხადებაში.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის დეტალები: გიორგი ჭანტურია გაათავისუფლეს

შსს-ში ასევე განაცხადეს, რატომ დაინტერესდა გამოძიება ჭანტურიას პიროვნებით.

„გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, სხვა ფაქტებთან ერთად, გამოიკვეთა, რომ გიორგი ჭანტურია იყო ის პირი, რომელმაც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობამდე ნახა. შესაბამისად, გამოკითხვის დროს, ჭანტურიას სამართალდამცველებმა დაუსვეს ლოგიკური კითხვები მკვლელობასთან მის შესაძლო კავშირთან დაკავშირებით. აღნიშნული არის დანაშაულის გამოძიების სტანდარტული და ფართოდ აპრობირებული ტაქტიკა“, — აღნიშნეს უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას და ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.

ამასთან ერთად, რუსთავში მდინარე მტკვარში მაშველები და პოლიციის თანამშრომლები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი მკვლელობის იარაღს და ტანსაცმელს ეძებენ.

ტელეკომპანია Imedi-თან ინტერვიუში ქუთათელაძის მეუღლემ, მეგი სირბილაძემ განაცხადა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღეების განმავლობაში მისი მეუღლე სამსახურიდან აღელვებული ბრუნდებოდა და ამბობდა, რომ მას ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა.

საქმე ისაა, რომ ჭანტურია კახეთის რეგიონის ყოფილი პროკურორია, ხოლო მისი ოჯახის წევრები „სტამბოლის ბაზრის" წილებს ფლობდნენ, თუმცა 2010 წელს მათ წილების დათმობა აიძულეს.

რაც შეეხება ქუთათელაძეს, ის ადრე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო, მოგვიანებით კი შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სარდალი.

ქუთათელაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე იყო. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. შტატ ჯორჯიასა და აშშ-ის არმიაში განსაკუთრებული სამხედრო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია მედლებით.

ქუთათელაძე აშშ-ის საპატიო გენერალ-მაიორი და საჩხერის საპატიო მოქალაქე იყო.