აფეთქება ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბში – არიან დაშავებულები

აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში აფეთქება მოხდა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" „რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" აპარატის უფროსმა, პაატა ნინუამ.

მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი.

პარალიზებული სამუშაო ხარაგაულში: რა მოთხოვნები აქვთ გაფიცულ მუშებს

„გვირაბის სამუშაო სრულდებოდა, როცა მოხდა აფეთქება. დაშავებულია სამი მუშა. დეტალებს ამ წუთებში ვარკვევ", – განაცხადა ნინუამ.

რამდენიმე დღის წინ გვირაბის სამუშაოებზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვდნენ. ნინუას განცხადებით, საპროტესტო აქციების შედეგად გაიმართა მოლაპარაკებები კომპანიის („ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო") ხელმძღვანელობასა და პროფკავშირებს შორის, რომელიც წარმატებით დასრულდა.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.