ნავენახევის მღვიმეში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

მღვიმე პირველ დამთვალიერებლებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ნავენახევის მღვიმეში ინფრასტრუქუტრული სამუშაოები დასრულდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 235 მეტრზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან დავით მარკოზაშვილთან ერთად ნავენახევის მღვიმეში მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

„აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილთან ერთად ნავენახევის მღვიმეში

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.

ინფრასტრუქტურულ პროექტზე საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარი გამოიყო.