საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობას მინები ჩაუმსხვრიეს

ბრალდებულებს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში მინების დაზიანებისთვის ორი ახალგაზრდა დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია.

ბრალდებულებმა შენობის წინა ფასადური მინა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე ჩაამსხვრიეს. დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. 

სამართალდამცველებმა  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით 20 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს.

გამოძება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.