საგარეო უწყება ყაზახეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სამგზავრო ავტობუსი, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა, ხუთშაბათს დილით დაიწვა, ტრაგედიას 52 ადამიანი ემსხვერპლა
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ყაზახეთში მომხდარი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უზბეკეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო, ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

შემზარავი ტრაგედია ყაზახეთში: ავტობუსში 52 ადამიანი ცოცხლად დაიწვა - ვიდეოკადრები

სამგზავრო ავტობუსს 18 იანვარს, დილით ცეცხლი გაუჩნდა.  ავტობუსში 57 ადამიანი იმყოფებოდა, დაიღუპა 52. ხუთმა მგზავრმა, რომელთა შორის სამი მძღოლი იყო, შეძლეს ავტობუსიდან გამოსვლა. წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაღუპული უზბეკეთის მოქალაქეა, მძღოლები კი ყაზახეთის მოქალაქეები არიან.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს თანადგომას უცხადებს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

დაზარალებულებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მათ მსუბუქი ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული. ექიმების სიტყვებით, გადარჩენილთაგან არცერთი არ საჭიროებს საავადმყოფოში გადაყვანას.

ხელისუფლების მონაცემებით, ავტობუსი ყაზანში მიემგზავრებოდა.