ქართველი ჩოგბურთელი Australian Open-ის 1/16 ფინალში გავიდა

ბასილაშვილს თავის მეტოქეზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა და შვიდიდან ხუთი ბრეიკის რეალიზება შეძლო
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (61-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) „დიდი სლემის" — Australian Open სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში ბელგიელ რუბენ ბენელმანს (117-ე) სამ სეტში მოუგო 7:5, 6:1, 6:3 და ტურნირის მესამე წრეში გავიდა. ტურნირი მელბურნში მიმდინარეობს.

გამარჯვებისთვის ქართველ ჩოგბურთელს სულ 1 საათი და 41 წუთი დასჭირდა.

მთელი მატჩის განმავლობაში ბასილაშვილს მეტოქეზე აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ბენელმანს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო.

ბასილაშვილი, თავის მხრივ, ძალზე აქტიურად მოქმედებდა და საბოლოოდ, შვიდიდან ხუთი ბრეიკის რეალიზება შეძლო. მატჩის სრული სტატისტიკა იხილეთ აქ.

Australian Open-ის მესამე რაუნდში ბასილაშვილი პირველად გავიდა. ამით მან გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 142 ათასი აშშ დოლარი.

1/8 ფინალში გასასვლელად ბასილაშვილი 23 წლის ბრიტანელს, კაილ ედმუნდს (49) შეხვდება.

Australian Open 15-28 იანვრის პერიოდში იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 25 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. მოქმედი გამარჯვებულია როჯერ ფედერერი.