საკრებულომ თბილისის მერიაში დაგეგმილ მასშტაბურ რეფორმებს „მწვანე შუქი" აუნთო

თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ მერიაში დაგეგმილი გლობალური ცვლილებები განმარტა, რომელიც 22 თებერვლიდან შევა ძალაში
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik.  თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის სტრუქტურული რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები დაამტკიცა. 

თბილისის ვიცე–მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მერიის ახალი სტრუქტურული მოდელის თანახმად, ცვლილებები რვა მიმართულებით იგეგმება. 

კალაძეს ჩინოვნიკების ხელფასების გამო თავის მართლება მოუწია

„ახალი მდგომარეობა და ახალი სტრუქტურა, რომელიც დავამტკიცეთ, 22 ტებერვლიდან ამოქმედდება. ეს ის სტრუქტურაა, რომელიც ჩვენი მიზნების ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებთან.

ოპოზიციის ბრალდებებზე პასუხისას, ვიცე–მერმა აღნიშნა, რომ რეფორმა სახელფასო ფონდის გაზრდას არ ითვალისწინებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, მხოლოდ  ხელფასისა და დანამატის გაერთიანება იგეგმება.

 „კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ხელფასები არ იზრდება. უბრალოდ, ორი კომპონენტის შერწყმა ხდება. ამაზე მოწმობს ისიც, რომ ჩვენ სახელფასო ფონდი არ გავზარდეთ. ფონდი იგივე რჩება,  რაც დამტკიცებული გვაქვს 2017 წლის ბოლოს, 2018 წლის ბიუჯეტის სახით“, – აღნიშნა ხმალაძემ.

2017 წლის ნოემბერში კახა კალაძემ თბილისის მერის უფლებამოსილების აღსრულების დაწყებისთანავე განაცხადა ქალაქის მთავრობაში მოსალოდნელი სერიოზული ცვლილებების შესახებ.

თბილისის მერიის რეფორმის ფარგლებში შეიქმნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. ახალი მოდელის თანახმად, ურბანული განვითარების მიმართულება დაკავშირებული იქნება არქიტექტურის სამსახურთან, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ განვითარებას და სერვისების მოწოდებას.

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ძირითადი მიმართულებები იქნება: მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება,  ქალაქის მშენებლობების  დაგეგმვა, განახლება და პროცესის მართვა. 

მერია მოიცდის: გენერალური გეგმა დაიხვეწება

რეფორმის ფარგლებში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის სამსახურად გარდაიქმნება. ახალი სამსახური არამარტო ლანდშაფტური  პოლიტიკით, მწვანე სივრცეების განვითარებითა და ახალი რეკრეაციული ზონების შექმნაზე იმუშავებს, არამედ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქალაქმშენებლობის  პროცესში.

რეფორმის შედეგად საქალაქო ტრანსპორტის სამსახურს ახალი ფუნქციები ენიჭება. იგი ორი ძირითადი  მიმართულებით იმუშავებს: პირველი – ტრანსპორტის პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება და მეორე – ურბანული პოლიტიკის შემუშავება  და გატარება.

რეფორმა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსაც შეეხო. ძირითადი ცვლილება იქნება ის, რომ ეს სტრუქტურა უზრუნველყოფ დედაქალაქის ნარჩენებით დაბინძურებასა და  ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე რეაგირებას. სამსახურის კომპეტენციაში ასევე შევა როგორც ჯარიმები, ისე მონიტორინგი.

მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება მერიის სერვისებს. კერძოდ, იგეგმება მუნიციპალური სერვისების (მერიის სტრუქტურული ერთეულიდან და გამგეობებიდან) ცენტრალიზება და მათი განთავსება ერთ სივრცეში. ყველა მომსახურების ცენტრალიზება მოხდება  მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში.  რეფორმის მიზანი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურების ერთიანი მაღალი სტანდარტის დანერგვაა.

რეფორმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია  ახალი ორგანიზაციის –  საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო – შექმნა. ყველა ფუნქცია, რომელიც დაკავშირებული იყო მერიის სხვადასხვა სტრუქტურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციებთან, გაერთიანდება ერთ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, დაგეგმილია კულტურის სამსახურის  განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურთან გაერტიანება. ამასთან, იცვლება კეთილმოწყობის სამსახურის სახელწოდება. რეფორმის შედეგად იგი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება.