თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო გეგმები ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში განიხილეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის შეხვედრას, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა გახსნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
სამხედრო მეთაურების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტი ბრიუსელში წელიწადში ორჯერ იკრიბება.
ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ალიანსის აქტივობების გაძლიერებასა და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის გაზრდაზე.
ნატოს მხარემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მაღალი დონე დადებითად შეაფასა.
ალიანსის წარმომადგენლებმა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს და ქართველი ჯარისკაცების მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება ხაზგასმით აღნიშნეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2018 წელს ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას არსებული რაოდენობით კვლავ გააგრძელებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსების დონეზე პარტნიორ ქვეყნებთან „ნატოს საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებისა“ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში გამართულ სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომებსაც დაესწრო.