ავტოსტოპით პატრონების საძებნელად: ტერიერ რასტის 1500 კილომეტრიანი ოდისეა

​პატრონების წასვლიდან რაღაც დროის შემდეგ რასტი სახლიდან გაიქცა და ავტოტრასაზე გავიდა, სადაც არავინ იცის, როგორ, მაგრამ სატვირთოში აძვრა, რომელიც სნოუთაუნში მიდოდა.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ავსტრალიელმა ტერიერმა სახელად რასტიმ დაახლოებით 1500 კმ გაიარა სატვირთო ავტომობილით ავსტრალიის ერთი შტატიდან მეორემდე, რათა დასასვენებლად წასული პატრონები ეპოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Courier-Mail-ზე დაყრდნობით.

შემთხვევა ახლახან მოხდა, იანვარში. ქალაქ გუნდივინდის (ქვინსლენდის შტატი) მახლობლად მცხოვრები ლაურა და სტიუარტ სკუდამორები ორ შვილთან, ელიზასთან და სემთან ერთად არდადეგებზე ოკეანისპირა ქალაქ კალაუნდრაში წავიდნენ დასასვენებლად, ხოლო სამი წლის ტერიერი რასტი ახლობლებთან დატოვეს დროებით.

​პატრონების წასვლიდან რაღაც დროის შემდეგ რასტი სახლიდან გაიქცა და ავტოტრასაზე გავიდა, სადაც არავინ იცის, როგორ, მაგრამ სატვირთოში აძვრა, რომელიც სამხრეთისკენ, ქალაქ სნოუთაუნში მიდოდა. მძღოლმა ძაღლი იპოვა და შინ წაიყვანა, მისმა მეუღლემ კი სკუდამორებს დაურეკა, რომელთა ტელეფონის ნომერი რასტის საყელურზე ეწერა.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რასტი გვედევნება. მანამდე ერთხელ უკვე დაემგზავრა მანქანას და ჩინჩილამდე ჩამოაღწია. ახლა კი უფრო შორს წავიდა და სამხრეთ ავსტრალიაში ამოყო თავი“, — ამბობს ლაურა.

სკუდამორები ამბობენ, რომ რახან ძაღლი უმათოდ ვერ ძლებს და გამუდმებით გარბის პატრონების მოსაძებნად, აღარასდროს დატოვებენ მარტო და შემდეგ ჯერზე თან წაიყვანენ, სადაც წავლენ.

ახლა ლაურა და სტიუარტი სოციალური ქსელების მეშვეობით ეძებენ ადამიანს, ვინც მათ რასტის შინ დაბრუნებაში დაეხმარება.