საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში შესვლის შეზღუდვები დროებით მოხსნილია

თურქეთის შს მინისტრი საქართველოში უახლოეს დროს ჩამოვა
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრები გიორგი გახარია და სულეიმან სოილუ საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში შესვლის შეზღუდვების დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 იანვრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც თუნდაც ერთი საათით გადაკვეთს თურქეთის ტერიტორიის საზღვარს, ეს ქვეყანაში ერთდღიან ვიზიტად ჩაეთვლება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია იმ საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილება, რომლებიც თურქეთის საზღვრისპირა ქალაქებში სამუშაოდ ყოველდღე დადიან. მათ საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფთან“ საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრა მოსთხოვეს.

საპროტესტო აქცია სარფში: რას აპროტესტებენ აქციის მონაწილეები

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ში აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა და მისი ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს მოქალაქეების მიერ თურქეთის საზღვრის გადაკვეთის საკითხი.

1 იანვარს ამოქმედებული რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნა, სავიზო თუ უვიზო რეჟიმით, 180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით არ შეუძლიათ. 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის საჭიროების შემთხვევაში კი მათ მოუწევთ ბინადრობის უფლების მიღება. შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება.