ნინო ლომჯარიამ პანკისში მაჩალიკაშვილების ოჯახი მოინახულა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცისას მიღებული ჭრილობისგან გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართელოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პანკისის ხეობაში გარდაცვილი და ტერორისტებთან კავშირში ბრალდებული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მოინახულა.

მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დახმარებაში ბრალდებულების დაკავების სპეცოპერაციისას დაიჭრა. სუს-ში განმარტეს, რომ სპეცრაზმელებმა მას თავში და მხარში მას შემდეგ ესროლეს, როდესაც შენიშნეს, რომ ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. 

„ისინი აღიარებენ, რომ მათი შვილი იცნობდა აღნიშნულ პირებს, თუმცა არ სჯერათ, რომ ის იყო ჩართული ან ხელს უწყობდა ტერორისტების საქმიანობას საქართველოში. ამიტომ, მათი მოთხოვნა არის, რომ გამოძიებამ წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი მასალა, რაც დაადასტურებს მათი შვილის დანაშაულებრივ ქმედებას. გარდა ამისა აცხადებენ, რომ თავად სპეცოპერაციის დროს, შვილს არ ქონია ხელყუმბარა ხელში. ბუნებრივია, საქმის ყველა დეტალი და გარემოება შეიძლება არ გახდეს საჯაროდ ცნობილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს ოჯახთან“, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვა პანკისის ხეობაში

თემირლანის მამამ, მალხაზ მაცალიკაშვილმა სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. მან გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მზად არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

„დამსვან პირისპირ გომელაურთან, რომ გამოტენა მთელი საქართველო ამ ტყუილებით. თვალებში შემომხედოს, მეც მაქვს შეკითხვები. გომელაურის ბანდიდან დაწყებული, სროლის სისრულეში მომყვანით დასრულებული, ყველა ბოლომდე რომ გაასამართლონ. ეს არის ჩემი მოთხოვნა. თუ საქართველოში არ დამაკმაყოფილეს ამაზე, ევროსასამართლოსაც მივმართავ“, — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

თვის დასაწყისში სუს-მა მაჩალიკაშვილის და იმავე სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულების — ზურაბ გორნაკაშვილის, რუსლან ალდამოვის, რამაზ მარგოშვილის და ბადურ ჩოფანაშვილის ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ახალი მტკიცებულებები გამოაქვეყნა.

გორნაკაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე მაჩალიკაშვილის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ჩატაევის დახმარებისთვის კიდევ ერთი ბრალდებული პირი — ზურაბ იდოიძე დააკავეს.

გარდა ამისა, სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ერთად არიან აღბეჭდილი მაჩალიკაშვილი, დაკავებული შოიაფ ბორზიევი და 2017 წლის ნოემბერში სპეცოოპერაციისას ლიკვიდირებული ასლანბეგ სოლტახმადოვი.

რაც შეეხება ბორზიევს, ის თბილისში 21-22 ნოემბერს განხორციელებული სპეცოპერაციის დასაწყისში დააკავეს.

სუს-მა საქმის სხვა დეტალებიც გამოაქვეყნა. კერძოდ, გაბრიელ სალოსის გამზირზე იმ ბინის დათვალიერებისას, რომელშიც ჩატაევი და მისი თანამზრახველები იმალებოდნენ, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე საბანკო ხელშეკრულება აღმოაჩინეს. საბანკო ხელშეკრულებაში, ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, სამი უცხოური რეკვიზიტია მითითებული.