საქართველოსა და ლატვიის პარლამენტების თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ირანა მურნიეცემ საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ღირებულებებზეა დაფუძნებული
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რიგაში ვიზიტის ფარგლებში ლატვიასთან სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ლატვიის მხრიდან დოკუმენტს ხელი ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ირანა მურნიეცემ მოაწერა.

 „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი ლატვიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობას ახალ დონეზე გადაიყვანს“, – განაცხადა კობახიძემ.

დოკუმენტი  საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას ითვალისწინებს. 

პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვევა

 „ჩვენი თანამშრომლობა დამყარებულია ღირებულებებზე და ესაა საუკეთესო საფუძველი ორ ქვეყანასა და პარლამენტებს შორის თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ფოკუსი არის მისწრაფება დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ასევე, ჩვენი კულტურული ღირებულებები და კავშირები. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის. ლატვის საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა“, – აღნიშნა მურნიეცემ.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ კობახიძემ და მურნიეცემ ყვავილებით შეამკეს თავისუფლების მემორიალი.

ლატვიაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 15 იანვარს დაიწყო. ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრები უკვე გამართეს ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტ ინეტა ზიემელესთან და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარ რინკევიჩთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდ ვეიონისთან.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში 17 იანვარს დასრულდება.