თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა დასკვნით მატჩში კლაიპედაში ისრალეის გუნდთან შეხვედრა ფრედ 23:23 დაასრულა და მსოფლიო-2019-ის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ქართველ ხელბურთელებს ისრაელთან მოგების შანსები ჰქონდათ, მაგრამ ფინალურ სასტვენამდე ორი წამით ადრე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით (გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობით) დასკვნით ოქმში მესამე ადგილი სწორედ საქართველომ დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა კლაიპედაში გამართული მინი-ტურნირის ორი სასტარტო მატჩი წააგო — ლატვიასთან (21:24) და ლიტვასთან (20:24), რის გამოც მსოფლიო პირველობის მომდევნო შესარჩევ რაუნდში გასვლის ყველა შანსი დაკარგა.
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ერთადერთი საგზური, როგორც ჯგუფის გამარჯვებულმა, მოიპოვა ლიტვის ნაკრებმა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ლატვიას ანგარიშით 29:27 მოუგო.
ლიტვის გარდა, მსოფლიო-2019-ზე მოსახვედრად იბრძოლებენ რუსეთის, ჰოლანდიისა და რუმინეთის ნაკრებები.
მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში დანიასა და გერმანიაში 2019 წლის იანვარში გაიმართება. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია საფრანგეთი, რომელმაც ბოლო ხუთი ტურნირიდან ოთხი მოიგო.