ქართველი, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები გუდაურში გადამზადდებიან

სამხედროებს ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და გადარჩენა, საკაცის გამოყენებით დაზარალებულის ევაკუაცია, თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში „იგლუ" ღამის გათენება მოუწევთ.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PFP) ფარგლებში, გუდაურში სამთო მომზადების საბაზისო კურსს მასპინძლობს, ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვიდი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები საჩხერეში მომზადების კურსს გადიან

სამთო მომზადებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 12 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მათ სკოლის ინსტრუქტორები ამზადებენ.

სამხედროები საქართველოდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან თხილამურებზე დგომის წესებსა და თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებების გადალახვის ხერხებს 2 თებერვლამდე დაეუფლებიან.

კურსის ფარგლებში მონაწილეებს ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და გადარჩენა, საკაცის გამოყენებით დაზარალებულის ევაკუაცია, თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და „იგლუში" ღამის გათენება მოუწევთ.

სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსში.