მერია მოიცდის: გენერალური გეგმა დაიხვეწება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის შემუშავების პროცესში უცხოელი ექსპეტები და მერიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. 15 იანვარს თბილისის მერია გამოაქვეყნებს დედაქალაქის გენერალური გეგმის პროექტს, რათა მისი სრულყოფა მოხდეს, განაცხადა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

კომპანია City Institute Georgia-მ, რომელმაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი შეიმუშავა, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით თვენახევარი ითხოვა. მუშაობა 2015 წელს დაიწყო, 2017 წლის ივნისში City Institute Georgia-მ დოკუმენტი წარადგინა. დეკემბრის ბოლოს მერიამ კომპანიას 10-დღიანი ვადა მისცა იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლებიც ზონირების, ტრანსპორტის განვითარებასა და მშენებლობას ეხებოდა. 

თბილისის გენერალური გეგმის დასასრულებლად ავტორებმა თვენახევარი ითხოვეს

„ჩვენ ორშაბათს ვგეგმავთ ეს ყველაფერი გამოვაქვეყნოთ და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და  ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულფასოვანი დოკუმენტი მივიღოთ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რადგან ქალაქის სწორი განვითარება დამოკიდებულია ამ დოკუმენტზე”, — აღნიშნა კალაძემ.

ამასთან მერმა City Institute Georgia-ს მუშაობა აღნიშნა.

„დაველოდოთ, რას მოიტანს “სითი ინსტიტუტი”. თვითონაც ძალიან დიდი მონდომებით მუშაობენ და მონდომებულები არიან, რომ მოხდეს ამ დოკუმენტის სრულყოფა და შემდეგ გავაკეთებთ განმარტებებს”,- განაცხადა კალაძემ.

გეგმის შექმნა ქალაქს 2,8 მილიონი ლარი უჯდება.

მიწათსარგებლობის გენგეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც სხვადასხვა საკითხისგან შედგება: განაშენიანების გეგმაზომიერი და მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურული მატერიალური ძეგლების შენარჩუნება და მოვლა.

შემუშავებული პროექტის საჯარო განხილვა ჩატარდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, მათ შორის არქიტექტორთა კავშირში, მეცნიერებათა აკადემიაში და საქართველოს უნივერსიტეტებში.