ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართული სიმღერები აჟღერდა

ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორი სიმღერებითა და ცეკვით გააცნეს.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ძველით ახალ წელს ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტი გამართეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორი სიმღერებით და ცეკვებით  წარუდგინა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების ამერიკელი, პოლონელი, ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირები.

საახალწლო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

„მინდა, შობა-ახალი წელი მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა. 31-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას კი ვუსურვებ ჯანმრთელობას და ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას“, — განაცხადა მაიორმა გიორგი მაზმიშვილმა ღონისძიებაზე.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საპატიო სიგელები სხვადასხვა სიტუაციურ სწავლებასა და სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცათ. 

ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება ნატოს არასაბრძოლო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support). ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში იმყოფება 13 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის. საქართველოდან მისიაში 870 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.