თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და სომხეთი იმ ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა, სადაც სტუმრობა უსაფრთხოა. ყველა სახელმწიფოს სია ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
დეპარტამენტის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი რუკის მიხედვით, მსოფლიოს ყველა ქვეყანა რისკის ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი: სადაც საკმარისია სიფრთხილის ჩვეულებრივი ზომების დაცვა, სადაც სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვაა საჭირო, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული რისკებია და სადაც წასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
საქართველო პირველ კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არ ღირს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არაკონტროლირებად რეგიონებში — აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა, რათა „არ დაჯარიმდეთ ან არ დაგაპატიმრონ". დანარჩენ შემთხვევებში მოგზაურებმა უნდა დაიცვან ქვეყნის კანონები და გაეცნონ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს. უსაფრთხოების ამავე კატეგორიაში შედის სომხეთიც.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი მეორე კატეგორიას მიეკუთვნება — იქ საჭიროა სიფრთხილე, რადგან ზოგიერთ რაიონში ტერორისტული შეტევების რისკები არსებობს. თურქეთი მესამე კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც წასვლაზე ამერიკული უწყება თავის მოქალაქეებს უარის თქმას ურჩევს.
რუსეთიც მესამე კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც არის ტერორისტული და სექსუალური ძალადობის საფრთხე. სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ასევე არ ურჩევს ჩრდილოეთ კავკასიაში ჩასვლას „სამოქალაქო არეულობებისა და ტერორიზმის" გამო, ასევე ყირიმში.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის პასუხად თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის შესაბამისად, აკრძალულია აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი კომერციული საქმიანობა ან იქ შესვლა იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ აკონტროლებს. აღნიშნული დარღვევა ისჯება ჯარიმით, განმეორებითი დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით.