საქართველოში დღგ-ს დაბრუნების პროცედურა გამარტივდება

საქართველოში დამატებითი ღირებულების გადახდილი გადასახადის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატიზებული გახდება
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 15 იანვრიდან დღგ-ს ზედმეტობას ბიზნეს-კომპანიებს გამარტივებული სქემით 5-დღიან ვადაში დაუბრუნებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს და მოქმედი სისტემით, მისი ზედმეტობა დღგ-ს გადამხდელ კომპანიას ერთი თვის ბადაში უბრუნდება.

„ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას და აკმაყოფილებენ ყველა ძირითად პარამეტრს, მათ საქართველოს ფინასთა სამინისტრო სთავაზობს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების 5 დღიან ვადას“, — განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს რეგიონებში მოძრავი საგადასახადო სერვის-ცენტრი გაჩნდა

მისი თქმით, იმ კომპანიებს, რომლებიც ყველა კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ, ფინანსთა სამინისტრო შეცდომების გამოსასწორებლად 14-დღიან ვადას მისცემს და დღგ-ს ზედმეტობას 5-დღიან ვადაში დაუბრუნებს.

ბახტაძის თქმით, ეს სისტემა დღგ-ს დაბრუნების ახალი ავტომატური სისტემის შემოღებამდე იმოქმედებს, რომლის შექმნა წლის ბოლომდე იგეგმება.

„დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, ბიზნესს არ ექნება ბიუროკრატიასთან შეხება. სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა, ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას“, — აღნიშნა ბახტაძემ.