თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასი და დანამატი ერთიანდება

სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება მოხელეს დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეუძლია, თუმცა განსაზღვრული ოდენობით
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისის მთავრობაში ხელფასი და დანამატი მერის მოადგილეებისა და საქალაქო სამსახურის უფროსებისთვის ერთიანდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კახა კალაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის მატების შესახებ.

„ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი ცალკე და პრემიაც — ცალკე. ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, რაც კანონის შესაბამისად ხდება. პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება და ხდება ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში", — განაცხადა მერმა.

თბილისის მერი „სითი ინსტიტუტს" გენგეგმის წარმოდგენის გონივრულ ვადას აძლევს

რაც შეეხება თავად კახა კალაძის ხელფასს, იგი ანაზღაურებას არ იღებს და თანხა მთლიანად ქველმოქმედება ხმარდება. თბილისის მერის ხელფასი 3 180 ლარს შეადგენს.

2018 წლის 1 იანვრიდან ახალი კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" ამოქმედდა. კანონის მიხედვით, სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას.

სახელწოდება „პრემია" იცვლება „ფულადი ჯილდოთი", ასევე, სხვა მოტივაციის საშუალებებით, როგორიცაა ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, ან მადლობის გამოცხადება მოხელისათვის.

დგინდება ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარიც: მაქსიმუმი არის წლიური თანამდებობრივი სარგოს 10%. როგორც წესი, ჯილდო წელიწადში ერთხელ უნდა გაიცეს, თუ ფულადი ჯილდო მოხელემ წელიწადში რამდენჯერმე მიიღო, ის არ უნდა აღემატებოდეს 10%-იან ზღვარს.

სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება მოხელეს დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეუძლია, თუმცა განსაზღვრული ოდენობით.