თბილისში ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

პოლიციამ 28,388 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფონიჭალაში დაკავებულ ნარკოდამნაშავეს უვადო პატიმრობა ემუქრება

სამართალდამცველებმა 42 წლის დაკავებულის ჩხრეკისას 28,388 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთიდან უკანონოდ შემოიტანა.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით („ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება"), რაც ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით („ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა") მიმდინარეობს და ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.