„ცხოვრება მშვენიერია“, ანუ ქართველი ხელოვანები კიბოს წინააღმდეგ

ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა მძიმედ დაავადებულ 25 წლის თეონა ნუცუბიძის ანგარიშზე გადაირიცხება, რომელსაც ექიმებმა ლიმფური სისტემის კიბო დაუდგინეს
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ცნობილი ქართველი მუსიკოს–შემსრულებლები ნინო ქათამაძე, ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33 ა“, ასევე საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ ქველმოქმედებისთვის ერთიანდებიან. 

25 იანვარს, 20:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ კონცერტს მართავს. ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა მძიმედ დაავადებულ 25 წლის თეონა ნუცუბიძის ანგარიშზე გადაირიცხება. ახალგაზრდა ქალს ექიმებმა ლიმფური სისტემის კიბო დაუდგინეს და მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირაღირებული მკურნალობა ისრაელის კლინიკაში. 

კონცერტის ყველა მონაწილე აბსოლუტურად უფასოდ გამოვა. 

„მოგმართავთ თხოვნით, თქვენც შეიტანოთ წვლილი ამ კეთილ საქმეში, რათა ერთიანი ძალებით ხელი შევუწყოთ თეონა ნუცუბიძის მკურნალობისათვის თანხის შეგროვებას“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კონცერტის ბილეთები იყიდება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და ონლაინ tkt.ge–ზე.