დაკავებულია არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი

დაკავებულს ბრალად ედება არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება და მისი ავტომობილის დაზიანება.
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელ ზვიად კუპრავასა და მის მეუღლეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზვიად კუპრავასა და მის მეუღლეზე თავდასხმა თბილისში მათი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მოხდა. კუპრავას თავის ტრავმა აქვს მიღებული, მის მეუღლეს — ხელის მოტეხილობა. „სასწრაფო დახმარების" ექიმებმა დაშავებულები ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. თავდასხმის მომენტში მათთან ერთად მათი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.

სასამართლომ ბათუმში არეულობის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანა

დაკავებულს ბრალად ედება ადამიანის ჯანმრთელობისთვის განზრახ ზიანის მიყენება და სხვისი ნივთის დაზიანება.

შსს-ში განაცხადეს, რომ კუპრავას გამთენიისას მეზობელთან კონფლიქტი მოუვიდა, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გარდა ამისა, დაზარალებულის განცხადებით, მეზობელმა მისი ავტომობილი დააზიანა. კუპრავამ თავად გამოიძახა პოლიცია და დახმარება ითხოვა.

ამასთან, უფრო ადრე კუპრავამ მომხდარი თავის სამუშაოს დაუკავშირა. მისი თქმით, მისმა ორგანიზაციამ საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციაში 28 მლნ ლარის დანაკლისი გამოავლინა.