კალაძემ მერიის ჩინოვნიკებს ქარის შემდეგ მოსახლეობის დახმარება დაავალა

დედაქალაქის მთავრობის სხდომის განხილვის მთავარი თემა თბილისში ძლიერი ქარის შედეგებთან ბრძოლა იყო
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს ძლიერი ქარის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის უმოკლეს ვადებში დათვლა და აუცილებელი დახმარების აღმოჩენა დაავალა.

ქარმა თბილისში ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა — ფესვებიანად მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები, ასევე პარალიზებული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა, სადაც ქარის სიჩქარე 31 მეტრს წამში აღწევდა.

„ვიცი, რომ მთელი ღამის განმავლობაში გამგეობის ყველა თანამშრომელი და თქვენ, გამგებლებიც აქტიურად იყავით ჩართული პროცესში. ვიცი, რომ სახურავებია ბევრ რაიონში კონკრეტულ სახლებზე გადახდილი. მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ ყველა დაზიანება, რაც არის და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ, რაც გასაკეთებელია, უმოკლეს დროში იქნეს კონკრეტული გეგმები შემუშავებული, რომ პროექტები განხორციელდეს, რაც გასაკეთებელია", — განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ქარიანი ამინდი მთელი დღე შენარჩუნდება. ქარის სიჩქარე იქნება 20-25 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა კი საშუალოდ +4 გრადუსი იქნება.