სამცხე-ჯავახეთში ხის უკანონო გაჩეხისთვის 37 მოქალაქე გასამართლდება

სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2017 წლის დეკემბრის თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხისა და უკანონოდ გადამუშავების ფაქტებზე სამცხე-ჯავახეთში 37 პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილებიდან ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის რაიონებში ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, 31 ავტომანქანა და ექვსი სახერხი საამქრო კი დალუქეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 303-ე მუხლით, რაც გულისხმობს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხას და ითვალისწინებს ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.