საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ალილოს მონაწილეები სასახლეში მიიღეს

ალილოს მსვლელობის მონაწილეთა მიერ სამების ტაძარში შეგროვილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში გადანაწილდება
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედი მაკა ჩიჩუამ ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს, იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური.

„ჩემო საყვარელო თანამემამულენო, გილოცავთ შობას! გრძელდება საოცარი დღესასწაული. ემოცია ახლის და კეთილის დაბადების. ჩვენ ვუნაწილებთ ამ ემოციას და ჩვენს სიყვარულს ერთმანეთს!

მშვენიერია, როდესაც პატარა მომლოცველები მოდიან აქ, ჩვენ კი, მათ სიხარულს და ძღვენს ვუნაწილებთ, რომელიც შემდეგ განაწილდება იმ ადამიანებზე, ვინც შეუძლოდაა, ან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა აქვს", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფოთში ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა

პირველი ლედის მაკა ჩიჩუასთვის ქრისტეშობის დღესასწაული განსაკუთრებული და გამორჩეულია.

"ჩემთვის განსაკუთრებული დღესასწაულია ქრისტეშობა და ყველაზე მეტად მიყვარს. როცა ვფიქრობ პატარა იესო, როგორ წევს თივაზე თავის მშობლების გარემოცვასა და ზრუნვაში, სულ წარმომიდგება ღვთისმშობელი და ყველა დედა მთელ დედამიწაზე. ყველას გილოცავთ ამ უმშვენიერეს დღესასწაულს და ჩვენ გულებში მუდამ ცხოვრობდეს იესო, როგორც ის პატარა ჩვილი, გულწრფელი ადამიანი, ვინც გაგვინათა და დღემდე გვიკვლევს გზას კეთილად", — აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

ალილოს მსვლელობის მონაწილეთა მიერ სამების ტაძარში შეგროვილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში გადანაწილდება.