ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე

ქალბატონი ნინო ბუთხუზი 40 წლის არის და მეუღლესთან ერთად 10 შვილს ზრდის. გიორგი, ნათია, ვერიკო, საბა, ლიზი, მარიამი, ნიკოლოზი, ბარბარე, ჭიჭიკო და ლუკა ახალ წელს ნაძვის ხის გარეშე ხვდებიან...
Sputnik

 მათი საახალწლო სურვილები კი ქოლგა, ბარბი, ბუშტების გასაბერი და პულტიანი მანქანაა. 

ნინო ბუთხუზი უმცროს შვილთან ერთად

-საკუთარი სახლი არასდროს  გქონიათ?

— არა, დაახლებით 20 წელი ქირით ვცხოვრობდით, სხვადასხვა ადგილზე საკმაოდ მძიმე პირობებშიც ვყოფილვართ. მიცხოვრია საპატრიარქოს თავშესაფარში, დანგრეულ  ყოფილი ფოსტის შენობაში, სარდაფებში…  ასე ვთქვათ მომთაბარე ცხოვრებას ვეწეოდით. სამწუხაროდ,  ამის გამო ჩემმა სამმა შვილმა ვერ შეძლო სრულფასოვნად სკოლაში სიარული და  სწავლა.  გიორგის ახლა აღუდგინეს  მოსწავლის სტატუსი და უნდა რომ სწავლა გააგრძელოს და კარგი მომავალი ჰქონდეს.

–როგორც ვიცი არ მუშაობთ, ოჯახის  ყოველთვიური შემოსავალი რა არის?

–ჩემი მეუღლე ტრავმირებულია უკვე მეორე წელია, ფეხი მოიტეხა ერთ-ერთი სამუშაოს შესრულების დროს და ფიზიკურად ვეღარ მუშაობს, მე ბავშვებს ვუვლი. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახამრებაა, რომელსაც მერიიდან ვიღებთ. ეს თანხაც მთელი ექვი თვე არ მიმიღია.  ფონდმა „იავნანამ“ ექვსი თვის წინ გვიყიდა სახლი და გადამისამრთება გავაკეთეთ. მაგრამ როგორ მოგვიანებთ სოცმუშაკმა მითხრა, გადამისამართებასთან ერთად  უნდა დავრეგისტრიებულიყავი საიტზე სამუშაოს მაძიებლად, ეს კი არ ვიცოდი და  ამის გამო გამიუქმდა დახმარება.  ეს პერიოდი ძალინ რთული აღმოჩნდა ჩვენთვის, თუმცა,  დღეს უკვე ისევ დავიბრუნეთ სოციალურად დაუცველის სტატუსი.

ნინო ბუთხუზი შვილებთან ერთად

–სახლის გადმოცემას ელოდებოდით?

–ერთი თვით ადრე  დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენი ოჯახისთვის შეგროვებული იყო მცირედი თანხა და  მის ფარგლებში მოგვეძებნა ბინა. დიდი მადლობელი ვარ უფლის, რომ სახლი მაქვს და თვის ბოლოს ქირის გადახდა არ მიწევს, არავინ მეტყვის ბინა დამიცალე და წადიო, ეს არის უდიდესი ბედნიერება. ბავშვებიც ძალიან გახარებული არინ, ეზო აქვთ. თავიდან,  როცა ამ სახლში გადმოვედით,  იმდენად გახარებული იყვნენ, რომ დილაუთენია ეზოში გარბოდნენ.  ბინის პრობლემა მოვიგვარეთ, მაგრამ  რთულია გიორგიწმინდადან ბავშვების  სკოლაში ტარება. 

–ბევრი შვილის ყოლა ყოველთვის გინდოდათ?

–არასდროს არ მიფიქრია ამაზე. როდესაც მირიანი გავიცანი, მან მკითხა რა აზრის ხარ ბევრი შვილის ყოლაზეო?  ვუპასუხე, რომ  ბავშვები ძალიან მიყვარდა.  იმდენად მიყვარდა ბავშვები, რომ შემეძლო ქუჩაში მოთხუპნული ბავშვი გამეჩერებინა,  მეკოცნა და მოვფერებოდი. მრავალშვილიანობა წინასწარ  დაგეგმილი არ მქონია. 17 წლის გავთხოვდი და 19 წლისა მეყოლა პირველი შვილი.

ნინო ბუთხუზი შვილებთან ერთად

–სოციალური დახმარება გყოფნით ყოველდღიურ საკვებში?

–უფასო სასადილოში დავდივართ.  10 სულზე ყოველდღე მოგვაქვს სადილი,  ჩვენი საკვები ძირითადად ეგ არის.  შაბათ-კვირას როდესაც ყველა სახლშია,  საკვები არ გვყოფნის, ამიტომ ერთჯერად სუპებს ვყიდლობთ.  ადრე სხვადასხვა ორგანიზაციები ერთჯერადად  უფრო გვეხმარებოდნენ.  რამდენიმე თვის წინ  ერთი ადამიანი დაგვეხმარა მრავალშვილიან ოჯახებს საკვებით. უფასო სასადილოში დღეს საახალწლო საჩუქრებიც გადმოგვცეს. წინა წლებში უფრო მეტი ტკბილეული და ხილი იყო. წელს ძალიან მცირედით დაგვასაჩუქრეს.

–შეგიძლით გვითხრათ თქვენი საახალწლო სუფრა რისგან  შედგება?

– შაქარი, ზეთი, ბარდა, „ტუშონკა“, კვერცხი, სოკი, მაიონეზი და ცოტაოდენი კანფეტი – საახალწლოდ ეს მივიღეთ.  ამით რა უნდა მოვახერხო არ ვიცი, ამ ეტაპზე სულ ეს გვაქვს, ასე უნდა შევხვდეთ ახალ წელს. მეტი არაფერი არ მაქვს და არც არაფერს ველოდები, მაგრამ მე აქამდე კეთილმა ადამიანებმა მომაღწევინეს და ეხლაც მათ იმედზე ვარ. ნაძვის ხეც კი არ მაქვს ბავშვებისთვის. ვინც იცის ჩვენი ამბავი, ისინი ზოგჯერ საჩუქრებს გვიკეთებენ. 

–ამ ახალ წელს რას ელოდები?

–მთელი ცხოვრება იმედით ვარ, მჯერა რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. რაც მექნება იმით შევხვდები ახალ წელს,  მაგრამ მაინც ბედნიერად. თებერვალში ველოდები მეთერთემეტე შვილს. ეს არის მართლა ღვთის ნება. ალბათ, ღმერთს  უნდოდა მრავალშვილინი დედა რომ ვყოფილიყავი. მე  შვილებს იმ სულისკვეთებით ვზრდი, რომ სამშობლო უნდა უყვარდეთ და გამოადგნენ მას. იმედი მაქვს, რომ მომავალში უკეთესი ცხოვრება ექნებათ. ვცდილობ ბავშვებს ძველი ტრადიციები შევასწავლო და მინდა ნამდვილ ქართველებად გავზრდო.

 

ნინი რაზმაძე