ხონში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

ახალაშენებულ შენობაში ხონის რაიონული სამმართველოს 40 უბნის ინსპექტორი და დეტექტივ-გამომძიებელი იმუშავებს.
Sputnik

თბილისი,  6 იანვარი  — Sputnik. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა.

გიორგი გახარიამ პოლიციის თანამშრომლებს ახალ შენობაში წარმატებული მუშაობა უსურვა.

"ჩვენი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის საპოლიციო სისტემის ეფექტიანობის ზრდა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ განახლებული, კომფორტული შენობებით საპოლიციო სისტემა წარმატებული და ეფექტიანი გახდება", — განაცხადა შს მინისტრმა.

პოლიციის ახალი შენობის ინფრასტრუქტურა შშმ პირებზეა ადაპტირებული. ახალაშენებულ შენობაში ხონის რაიონული სამმართველოს 40 უბნის ინსპექტორი და დეტექტივ-გამომძიებელი იმუშავებს.

შსს-ს ხონის რაიონული სამმართველოს  ახალი შენობის მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა.