ილია მეორე შობის ღამეს მრევლს სანთლების დანთებისკენ მოუწოდებს

შობის დღესასწაულზე სანთლების ფანჯარასთან დანთება მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს უფლის შობას დღესასწაულობს.

მორწმუნეებმა ფანჯრებთან სანთლები ღამის 12 საათზე უნდა დაანთონ. ამით ისინი ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს სიმბოლურად საკუთარ სახლში იწვევენ. უკვე რამდენიმე წელია, მოსახლეობა შობის დღესასწაულს სწორედ ასე ხვდება. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა. შობის დღესასწაულზე  სანთლების ფანჯარასთან დანთება მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა.

ქრისტეშობა საქართველოში: კიდევ ერთი მიზეზი სასწაულის სარწმუნებლად

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში 6 იანვარს 23:00 საათიდან დაიწყება. ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღევლინება.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. 

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს — ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.