ავსტრიული კლინიკა მზად არის მიიღოს თამირლან მაჩალიკაშვილი

ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილი ათ დღეზე მეტი ხანია მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში იმყოფება
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ავსტრიის კლინიკა მზადაა მიიღოს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თამირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირშია ეჭვმიტანილი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) თანამშრომლებმა  გასულ კვირაში დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალმადოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. რაც შეეხება მეხუთე ეჭვმიტანილის – თამირლან მაჩალიკაშვილს, ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სუს–ი აღნიშნავს, სპეცრაზმელებმა მას თავის არესა და მხარში მას შემდეგ ესროლეს, რაც შენიშნეს, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.  

ახალი დეტალები ტერორისტ ჩატაევთან კავშირში ბრალდებულების საქმეში

კონსილიუმის შემდეგ ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თამირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანა უცხოურ კლინიკაში შესაძლებელია. 

გერმანულმა კლინიკამ პაციენტის მდგომარეობის მაჩვენებლების შესწავლის შემდეგ მის მიღებაზე უარი განაცხადა. მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე მოლაპარაკებები თურქულ და რამდენიმე ევროპულ კლინიკასთან მიმდინარეობდა. 

როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა პარასკევს განაცხადა, ავსტრიული კლინიკა მის მიღებაზე თანახმაა, თუმცა ამ ეტაპზე თავისუფალი ადგილები კლინიკაში არ არის. ექიმის თქმით, ავსტრიის კლინიკა იმედოვნებს, რომ უახლოეს 24 საათში ადგილი გათავისუფლდება. 

ჩატაევის თანამზრახველის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ექიმების თქმით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თუმცა მედიკოსები ამტკიცებენ, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესების დინამიკა არ შეინიშნება.

სუს–ის ინფორმაციით, გორნაკაშვილმა, ალდამოვმა, მარგოშვილმა, ჩოფანაშვილმა და მაჩალიკაშვილმა ჩატაევს და მის დაჯგუფებას დაეხმარნენ თურქეთიდან საქართველოში მალულად მოხვედრილიყვნენ და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაედოთ ბინა. მათი დაკავების მიზნით 21–22 ნოემბერს თბილისში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა.

სპეცოპერაცია, რომელიც თითქმის ერთი დღე–ღამე გაგრძელდა, დასრულდა ორი პირის  – იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი ბორზიევი დააკავეს. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო. სუს–ის მტკიცებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ტერორიზმის დაფინანსება", რაც ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს–ის სპეცრაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, სხეულის დაზიანებები მიიღეს სუს–ის ორი თანამშრომელი და შსს–ს ორი თანამშრომელი.