თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ცხოველთა წამების გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალისტები სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ცხოველების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბოლო შემთხვევა თბილისში წალენჯიხის ქუჩაზე დაფიქსირდა. 3 იანვარს იქ ნაპოვნია ქუჩის ძაღლი, რომელიც მუცელში ბლაგვი საგნით იყო დაჭრილი. დასისხლიანებული ძაღლი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა თავშესაფარში გადაიყვანეს.
„ღამით ქუჩიდან ძაღლის ყმუილი შემომესმა. როდესაც მივუახლოვდი, დავინახე, რომ ზურგზე ჭრილობა ჰქონდა. ყველას აინტერესებს, რა მოხდა. იმ მომენტში ქუჩაში არავინ იყო. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი შევნიშნე“, — განაცხადა თვითმხილველმა ნატალია დოლგოვამ.
ცხოველთა უფლებების დამცველები ამტკიცებენ, რომ ხშირად მსგავსი ინციდენტები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება, ხოლო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის სათანადო კამპანიას არ ატარებს.
„შემოყვანილი იქნა ცხოველი მძიმე ტრავმით, რომელიც იმყოფებოდა პრაქტიკულად მომაკვდავ მდგომარეობაში. ტრავმა აღენიშნებოდა ხერხემლის მიდამოში, ჭრილობა იყო საკმაოდ ღრმა, ცხოველს მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა ქირურგიული ოპერაცია“, — განაცხადა ვეტერინარმა გიორგი ჭურღულიამ.
სააგენტოში ცხოველთა უფლებების დამცველების ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები მართლაც გახშირებულია.
„ეს ფაქტი, სამწუხაროდ, არ არის პირველი. არის შემთხვევები, როდესაც ხდება სხვადასხვა სახის ძალადობა ცხოველებზე. მინდა მოსახლეობას ვთხოვო და მოვუწოდო, მეტი ჰუმანურობა გამოიჩინონ ცხოველების მიმართ, შეწყვიტონ სისასტიკე. სააგენტო ძალიან ბევრ ღონისძიებას ატარებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით“, — განაცხადა სააგენტოს ხელმძრვანელმა თეიმურაზ ფხალაძემ.
საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავაც საუბრობს. სსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, რომელმაც მათი მოკვდინება ან დასახიჩრება გამოიწვია, ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოებით ისჯება. შსს-ში აღნიშნული მუხლით გამოძიება უკვე დაწყებულია.