თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს უკანონო, საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგო და ჯანსაღ აზრს მოკლებული უწოდა, იუწყება РИА Новости.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „გაერთიანებული საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის მკვლელობის საქმეში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ექს–პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს სსკ–ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“. როგორც სასამართლომ დაადგინა, სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მაღალჩინოსნები შეიწყალა და ამ გზით პასუხისგებისგან გაათავისუფლა ისინი.
„ქართული სასამართლოს „განაჩენი“… ჩემთან დაკავშირებით მთლიანად უკანონოა და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო, ეროვნულ ნორმებსა და ჯანსაღ აზრს. პრეზიდენტის გასამართლე აიმისთვის, რომ მან შეწყალების უფლება გამოიყენა, რომელიც არანაირად არ არის შეზღუდული, მიანიშნებს პროცესის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ხასიათზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ ხუთი წლის განმავლობაში არსებითი ვერაფერი იპოვა: არანაირი ფაქტები კორუფციის, არც სხვა სამართალდარღვევის“, – წერს სააკაშვილი Facebook–გვერდზე.
გარდა ამისა, პოლიტიკოსი პირობას დებს, რომ მისი „ბრძოლა ოლიგარქების, კორუფციისა და სიღარიბის წინააღმდეგ ჩვენი ხალხების საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება“.
უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეულმა სააკაშვილმა 10 სექტემბერს მომხრეების მხარდაჭერითა და დახმარებით გაარღვია საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა. იგი უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს, აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას და მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს.