10:05 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
9238265

გაზაფხულთან ერთად მებაღეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. სწორედ ახლა ეყრება საფუძველი მომავალი ბაღების ავკარგიანობას.

რა აუცილებელი აგრონომიული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბაღში, რომ მცენარეთა ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ და უხვი მოსავალიც მივიღოთ, ამ საკითხზე აგრონომი, პრაქტიკოსი მებაღე თენგიზ კუტალია გვესაუბრება:

ხეხილისა და ბუჩქნარის გასხვლის სამუშაოები გაზაფხულზე, წვენთა მოძრობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს. საქართველოს უმეტეს რაიონებში ამ სამუშაოს ჩატარება ზამთარშიც შეიძლება, თუ ამინდი ამის საშუალებას იძლევა. 

გასხვლისთვის აუცილებლად დაგვჭირდება: სეკატორი, ხერხი, მჭრელი დანა და ბაღის მალამო ან ზეთოვანი საღებავი. 

გაითვალისწინეთ, რომ გასხვლა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენ ამით საფუძველს ვუყრით მცენარის ჯანმრთელობას და მოსავალს. 

გასხვლისას პირველ რიგში მთლიანად მცენარე უნდა დათვალიერდეს: მისი ქერქის მდგომარეობა, ხომ არ არის დაზიანებები ზამთრის ყინვებისგან ან მექანიკური ზემოქმედების შედეგად. ამ შემთხვევაში დაზიანებული ტოტები უნდა მოიჭრას, ხოლო დაავადებული ადგილები გასუფთავდეს და დამუშავდეს შესაბამისად. ამისთვის ვიყენებთ ბაღის მალამოს ან ზეთოვან საღებავს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაზიანებული ადგილები მუშავდება კონცენტრირებული ფუნგიციდით, ბაღის მალამოთი და ჭრილობის შეხვევით. 

თენგიზ კუტალია: ხეხილის გასხვლისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ ტოტებს, რომლებიც მიმართულია მცენარის ტოტების შიგნით. კარგი განათება და აერაცია ხარისხიანი მოსავლის საწინდარია.
© photo: Sputnik / Denis Aslanov
თენგიზ კუტალია: ხეხილის გასხვლისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ ტოტებს, რომლებიც მიმართულია მცენარის ტოტების შიგნით. კარგი განათება და აერაცია ხარისხიანი მოსავლის საწინდარია.

ხეხილის გასხვლისას გამხმარი ტოტების მოჭრასთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს იმ ტოტებს, რომლებიც მიმართულია მცენარის ჩონჩხის ტოტების შიგნით. ჩვეულებრივ ეს ტოტები შეფოთვლისას იწვევენ დაჩრდილვას. კარგი განათება და აერაცია კი ხარისხიანი მოსავლის საწინდარია. კურკოვნებისა და თესლოვნების ზოგიერთ ჯიშებს სჭირდება მეტ-ნაკლებად განსხვავებული სხვლა.

 

არსებობს ზოგადი წესი, როცა დაუშვებელია მახვილი კუთხის ტოტებისა და ნაზარდების დატოვება, განსაკუთრებით პერიფერიულ ნაწილებში, ასეთ შემთხვევაში ნაყოფის სიმძიმემ შეიძლება დააზიანოს ტოტი. ასევე ზოგიერთ ჯიშებზე უნდა შევინარჩუნოთ ცენტრალური ვარჯი ან მისი იარუსიანობა, ხოლო ზოგიერთ ჯიშებს, პირიქით, არ სჭირდება მთავარი ღერძის შენარჩუნება. ამასთანავე, ორივე შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს ე.წ. დაქვემდებარების პრინციპი, როცა პირველი რიგის ტოტებს ექვემდებარება უფრო ნაკლები სისქის მეორე რიგის ტოტები და ა.შ. 

დაუშვებელია, რომ პერიფერიული ტოტი იყოს ლიდერი; ასევე არ უნდა დავუშვათ ფესვის ყელთან ახლოს გამოზრდილი ან ქვემოთ მიმართული ტოტების თუ ნაზარდის დატოვება. ისინი ვერ მოგვცემენ ხარისხიან ნაყოფებს.

 თენგიზ კუტალია: ატმის ტოტებს კენწეროები უნდა წაეჭრას, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სოკოვანი დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ
© photo: Sputnik / Denis Aslanov
თენგიზ კუტალია: ატმის ტოტებს კენწეროები უნდა წაეჭრას, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სოკოვანი დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ

თოვლის დნობის შემდეგ, შესაფერისი ამინდის პირობებში მცენარეებს უნდა მიეცეს ნიადაგიდან დამატებითი კვება. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ორგანული და მინერალური სასუქები. კარგია გადამწვარი, უკვე მინერალიზირებული ნაკელი და მინერალურებიდან ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები. ეს სასუქები უზრუნველყოფენ მცენარის ძლიერ და ჯანმრთელ ზრდა-განვითარებას: ფოსფორი მნიშვნელოვანია ფესვთა სისტემის განვითარებისთვის, კალიუმი ყვავილობაზე და მსხმოიარობაზე "მუშაობს", აზოტი კი ძირითადად მწვანე მასაზე.

საქართველოს პირობებში ამ პერიოდისთვის ძირითადად გამოიყენება კომპლექსური მოქმედების მინერალური სასუქები — "აზოფოსკა" ან "ნიტროამოფოსკა". მცენარეებზე ის გამოიყენება 200-600 გრამი და მეტი ერთ ძირზე, მცენარის ზომის მიხედვით. სასუქი საგულდაგულოდ უნდა ჩაიბაროს ფესვთა სისტემის ირგვლივ ისე, რომ არ დავაზიანოთ მსხვილი ფესვები. 

გაზაფხულზე, შესაფერისი ამინდის პირობებში უნდა გასუფთავდეს ბაღი მცენარეთა ნარჩენებისგან, გამხმარი ფოთლებისა და სარეველებისგან. შეგროვილი მასა სასურველია დაიწვას ადგილზე. ეს საშუალებას იძლევა მოისპოს სოკოვანი დაავადებების კერა და ამასთანავე განადგურდება მოზამთრე მავნებლები. წვის შედეგად დარჩენილი ნაცარი კი გამოგვადგება სასუქად. 

ეს პერიოდი კარგია მრავალწლიან სარეველებთან საბრძოლველად. ტენიან ნიადაგში გამოზამთრებული სარეველები ყველაზე ადვილად ამოსაღებია მიწიდან სწორედ ადრე გაზაფხულზე. ხეხილოვანი მცენარეები ჯერ კიდევ მოსვენების მდგომარეობაშია, სარეველები კი გაცილებით ადრე იწყებენ გაღვიძებას, თანაც ვარჯთან ახლოს სარეველების ფესვიანად ამოძირკვისას ხეხილის ფესვთა სისტემას ზიანი არ ადგება. საგაზაფხულოდ ვარჯების შეთეთრება ჩვენს პირობებში უზრუნველყოფს მცენარის დაცვას მარტისა და აპრილის მწველი მზის სხივებისგან, რათა არ დასკდეს ჯერ კიდევ არაელასტიკური მცენარის ქერქი. შეთეთრება კარგია მისი დეზინფექციისთვისაც. გამოიყენეთ 10%-იანი კირწყალი. კარგი იქნება, თუ 10 ლიტრ წყალში გახსნით 300-350 გრამ შაბიამანს და დაამატებთ 1 კილოგრამ მიწას.

მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა გაზაფხულიდანვე იწყება, როცა დღე-ღამის საშუალო ტემპერატურა +5 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. ამ დროს კვირტები ჯერ კიდევ მიძინებულია, კარგი პირობებია მცენარეთა შესაწამლად. აგრონომები ურჩევენ ყვავილობამდე არა ერთ, არამედ რამდენჯერმე შეწამვლას, თუ მოგეცემათ ამის შესაბამისი კლიმატური პირობები. 

ყველაზე გავრცელებული პრეპარატებია: შაბიამანი (3-5%), კარბამიდი, იგივე შარდოვანა (3-5%), რკინის ძაღა (3-5%), პრეპარატი 30 — ზეთოვანი ემულსია (2%) BI58-თან (0.2%) ერთად. ეს ემულსიები შეწამვლისას კომპლექსურად მოქმედებენ როგორც მავნებელთა მთელ ჯგუფზე, ასევე დაავადების გამომწვევ სოკოებზე. რომელიმე პრეპარატის უპირატესობა ძნელი დასადგენია და მეურნემ უნდა იხელმძღვანელოს კონკრეტული ბაღის მდგომარეობით, მისი წინა ისტორიით და ა.შ. სწორედ ამ პირობებზე, მცენარეების ასაკზე და კვირტების მდგომარეობაზეა დამოკიდებული პრეპარატის კონცენტრაცია.

თენგიზ კუტალია: ხეხილის წამლობისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა
© photo: Sputnik / Denis Aslanov
თენგიზ კუტალია: ხეხილის წამლობისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა

მნიშვნელოვანია წამლობისას გამოიყენოთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები: სათვალე, ნიღაბი, ქუდი, ხელთათმანები, რათა სხეულის ზედაპირი დავიცვათ პრეპარატის შესაძლო ზემოქმედებისგან. შესხურება უნდა დავიწყოთ მცენარის ძირისგან და მთელ სიმაღლეზე. სასურველია შხამ-ქიმიკატი მივაწოდოთ წვრილდისპერსიული ჭავლით, რათა უზრუნველვყოთ ნისლისმაგვარი ბურუსის შექმნა მცენარის ირგვლივ. არ დავუშვათ სითხის ჩამოწუწვა, ანუ ტოტების სრული დასველება. ამისთვის ჭავლის წყარო არ მივუახლოვოთ მცენარეს 60-70 სმ-ზე უფრო ახლოს. გამოყენების შემდეგ შესასხურებელი აპარატი საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს. 

საგაზაფხულო სამუშაოების დროული და ხარისხიანი ჩატარება უზრუნველყოფს იმას, რომ მიიღოთ ჯანმრთელი მცენარეები და მოიწიოთ უხვი მოსავალი. ეს დიდ სიხარულს მოგანიჭებთ პირველ რიგში თქვენ, მებაღეებს, რადგან სწორედ მებაღემ უნდა იგემოს ნაყოფი პირველმა.

თემაზე

სამების ბაღის როზარიუმი ყვავილების მოყვარულებს ვარდების კალმებს ჩუქნის

მთავარი თემები