14:53 16 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2725
  • 100 RUB4.6078
  • USD2.9701
თბილისის ქალთა კოლონია

„კანიბალიზმის საქმე“: 22 წლის გოგონა ღიმილით იხსენებს დედის მკვლელობის დეტალებს

© photo: Sputnik / Denis Aslanov
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
374 0 0

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული და სასტიკი მკვლელობის – ე.წ. „კანიბალიზმის საქმის“ ერთ–ერთმა მთავარმა ფიგურანტმა ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილმა სამი წლის წინ ჩადენილ საზარელ მკვლელობაზე ტელეკამერის წინ პირველად ისაუბრა.

ადამიანი როდესაც დანაშაულს სჩადის, ადრე თუ გვიან მაინც ხვდება ციხეში. გამოუძიებელი და დაფარული არაფერია. ეს ისეთი საქმე იყო, რომელიც აუცილებლად გაიხსნებოდა – ასე შეაფასა საკუთარი გამზრდელი დედის მკვლელობა ე.წ. „კანიბალიზმის“ საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა ირმა ყოჩიაშვილმა მომხდარიდან სამი წლის შემდეგ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

2016 წელს 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის დამამძიმებელ გარემოებში განზრახ მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა სულ ექვსი ახალგაზრდა დააკავეს, მათ შორის, მოკლულის 22 წლის ქალიშვილი ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილი. დაკავებულთაგან ორ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად.

ირმას სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და დღეს სასჯელს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის რუსთავის ქალთა კოლონიაში იხდის.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდებმა პენსიონერი ელექტროშოკით გათიშეს და გაგუდეს, შემდეგ ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც მისი სხეული დაანაწევრეს და გლდანის ნაგავსაყრელზე დაწვეს.
სამართალდამცველებმა მაშინ ისიც განაცხადეს, რომ შესაძლოა მკვლელობა რიტუალური ხასიათის ყოფილიყო და ამას ეჭვმიტანილების „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე აღმოჩენილი ფოტომასალები ადასტურებდა.

მოკლული პენსიონერის მეზობლები კი ჰყვებოდნენ, რომ საზარელ ინციდენტს წინ კონფლიქტი უძღოდა — დედა ქალიშვილს რომელიღაც სექტასა თუ დაჯგუფებაში წევრობას უშლიდა. 
მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ქალიშვილი ნაშვილები ჰყავდა.

საქმის კიდევ ერთმა მთავარმა ფიგურანტმა ბექა შენგელიამ, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, მაშინ გამოძიებას განუცხადა, რომ მან მოკლულის გარკვეული ორგანოები შეჭამა.

ირმა ყოჩიაშვილმა, რომელიც, ფსიქოლოგების დასკვნით, შერაცხადია, ტელეკომპანიასთან საუბრისას უარყო მოხუცი ქალის ორგანოს შეჭმის ფაქტი და მკვლელობის რიტუალური ხასიათი.

„ეს დანაშაული საზოგადოებამ უფრო სხვანაირად მიიღო, თითქოს რაღაც გარკვეულ სატანისტურ რიტუალთან იყო ეს მკვლელობა დაკავშირებული. სხეულის ორგანოს შეჭმას და, ასე ვთქვათ, სხვა მიზნით გამოყენებას ადგილი არ ჰქონია, თვითონ საქმეშიც კი არ დამტკიცდა კანიბალიზმი, რომელსაც მედავებოდნენ“, – განაცხადა ირმა ყოჩაშვილმა.

ირმა ყოჩიაშვილის აზრით, უბრალოდ სასაცილო იყო, როდესაც ამბობდნენ, რომ ეს იყო სატანისტური სექტა, სატანისტური მკვლელობა და რიტუალი. 

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, მართალია, ორგანოების ჭამის ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ ბექა შენგელიას არ დაუდასტურდა ორგანოების სხვაგვარად გამოყენების განზრახვით ჩადენილი მკვლელობა, თუმცა თვითონ ფაქტი დადასტურდა. ბექა შენგელიას სახლიდან ამოღებულ დანის პირზე არსებული ლაქები ლუბა ყოჩიაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტური აღმოჩნდა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაიგეგმა ეს დანაშაული, ყოჩიაშვილის თქმით, წყენა წლების მანძილზე გროვდებოდა.

19 ოქტომბერს, დილით ირმა ყოჩიაშვილი და ბექა შენგელია ერთმანეთს შეხვდნენ და ირმა ყოჩიაშვილის დედობილის მკვლელობის გეგმა განიხილეს. ავტომანქანით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინისკენ გაემართნენ, სადაც ლუბა ყოჩიაშვილი მარტო იყო. კარი თავად დედობილმა გააღო, როდესაც დააკაკუნეს.

„კარი რომ გააღო, ჩვეულებრივად შევედით სახლში. ძირითადად ვინც ამ ყველაფერში მივიღეთ მონაწილეობა, ვიყავით მე და ბექა. ბექამ დაიწყო მისი გაგუდვა ხელით, რაშიც მე ვეხმარებოდი, შემდეგ მოვათავსეთ ჩანთაში, მერე მე სახლი დავალაგე და ბექასთან წავედი, იქ, სადაც მას გვამი ჰქონდა წაღებული“, – თქვა ირმა ყოჩიაშვილმა.

მისივე თქმით, გვამის დანაწევრება, რაშიც თვითონაც მონაწილეობდა, მკვლელობიდან რამდენიმე საათში მოხდა და ეს დანაშაულის დაფარვის მიზნით იყო გაკეთებული.

ირმა ყოჩიაშვილმა საუბრისას იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ბექა შენგელიას მასზე ზეწოლა არ მოუხდენია და არ უბიძგებია ამ დანაშაულის ჩადენისკენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აცნობიერებდა თუ არა იმ დროს, თუ რას აკეთებდა, ირმა ყოჩიაშვილს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

„რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვერა, იმ მომენტისათვის ეს არ იყო რთული გასაკეთებელი ჩემთვის, ადამიანისთვის ის დამეშავებინა, რაც დავუშავე“, – განაცხადა ბრალდებულმა.

რაც შეეხება მკვლელობის რეალურ მოტივს, ირმა ყოჩიაშვილის განცხადებით, მას ოჯახში ძალიან ცუდად ექცეოდნენ. მართალია, მან სასამართლოზე თქვა, რომ არ ნანობდა ჩადენილს, თუმცა სამი წლის შემდეგ აზრი მაინც შეიცვალა.

„მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვინანიებ დანაშაულს და მაინც მეცოდება გარდაცვლილი“, – აღნიშნა ირმა ყოჩიაშვილმა, თუმცა ამავე დროს, მისი აზრით, ეს დანაშაული უნდა მომხდარიყო.

„ბავშვობიდანვე მქონდა ის განცდა, რომ მე ციხეში მოვხვდებოდი და მელოდებოდა ეს სასჯელი. ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი“, – განაცხადა ირმა ყოჩიაშვილმა.

ირმა ყოჩიაშვილი ციხეში კიდევ 17 წელი დარჩება.

„მაინც განვიცდი ამ ყველაფერს და ემოციურად ვარ განწყობილი. რა თქმა უნდა, აქედან რომ გავალ, შეიცვლება ჩემი ცხოვრება და მსგავს რამეს არ გავაკეთებ“, – თქვა ირმა ყოჩიაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჰქონდა მას სახეზე ღიმილი მთელი ინტერვიუს განმავლობაში, ბოლო დროის ყველაზე სასტიკი მკვლელობის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა უპასუხა, რომ მას ამ თემაზე საუბარი უკვე არ უჭირს, რადგან უკვე ზღვარი გადალახა და ახლა სხვა რაღაცეებზე ფიქრობს...

 

მთავარი თემები