ბატიაშვილის რეფორმები - ახალი ღვინო ძველ ტიკებში ვერ თავსდება?!

გამოწერა
ბატიაშვილმა გაბედა ის, რაც მისმა წინამორბედებმა ვერ მოახერხეს.

მოულოდნელი საკადრო ცვლილებები - ასე შეაფასეს გუშინ განათლების სამინისტროში დაწყებული დიდი საკადრო გადაადგილებები განათლების სფეროს ექსპერტებმა. მოულოდნელი კი ცვლილებები იმდენად იყო, რამდენადაც განათლების ახალმა მინისტრმა ორი თვე იფიქრა, თუ ვინ შეეძლო, დაეტოვებინა სისტემაში. თუმცა პიარ-თვალსაზრისით ეს იმდენად კარგად გათვლილი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომ ბატიაშვილმა ერთბაშად მოიგო ყველა იმ პედაგოგისა და აბიტურიენტის გული, რომელთაც აგერ უკვე 6 და მეტი წელია, „განათლების ეს დედები“ საკმაოდ რთულ პირობებში აგდებდნენ. მათ ანგარიშზეა ჯეჯელავასა და ჩხენკელის „გასტუმრებაც“, რადგან განათლების სისტემას ჯერ კიდევ მარგველაშვილისა და სანიკიძის კადრები მართავენ საკუთარი გემოვნებით და მიხეილ ბატიაშვილს საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა და კიდევ ბევრი საკადრო ცვლილება დასჭირდება, სანამ საბოლოოდ განათლების სფეროს ჩაიბარებს.

დავიწყოთ განათლების ყოფილი მინისტრით, თამარ სანიკიძით, ის დღემდე მაინც მარგველაშვილის კადრად ითვლება, თუმცა სიხისტითა და ადამიანების გადაკიდების უნარით გამოირჩეოდა მინისტრობის დროსაც და ახლაც, როცა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ჩაუდგა სათავეში.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
რას შეეწირნენ მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე

თავად ბუღალტერი სანიკიძე ურთულეს გამოცდებს უწყობდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაცია-აკრედიტაციის კუთხით და ამ საქმეში ჯიპას ყოფილი კადრები ძალიან აქტიურად გამოიყენებოდნენ. მისი მოხსნა გუშინ სოციალურ ქსელში იმდენმა ადამიანმა აღნიშნა პოზიტიურად, რომ მიხეილ ბატიაშვილს რეფორმების ჩასატარებლად საკმაოდ დიდი და პოზიტიური ფორა აქვს სპეციალიზებულ წრეებში.

ასევე დადებითი იყო გამოხმაურება მაია მიმინოშვილის წასვლასთან დაკავშირებით. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მართალია, პოლიტიკური ალღო აღმოაჩნდა და სააკაშვილს ბოლო კვირაში განუდგა, რითაც ძალიან მაღალი ხელფასი და სტატუსი კიდევ 6 წლით შეინარჩუნა, მაგრამ წლევანდელმა არაორგანიზებულობამ და ტექნიკურმა ხარვეზებმა გამოცდების დროს, მის კარიერასაც, როგორც ჩანს, წერტილი დაუსვა განათლების სისტემაში.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
განათლების სისტემაში რეფორმების ახალი ტალღა იწყება

განათლების მინისტრის მოადგილეებს: ლია გიგაურსა და ქეთევან ნატრიაშვილს ძნელად თუ ვინმე დააშორებდა ერთმანეთს. პედაგოგთა სქემები და ზოგადად, პედაგოგებისათვის ცხოვრების გართულება, ექსპერტების აზრით, მათი ერთ-ერთი საკანონმდებლო პრიორიტეტი გახლდათ. არც ისაა უინტერესო, რას ფიქრობს განათლების ახალი მინისტრი და პროკურატურა ბოლო წლებში ჩატარებულ სკოლების რემონტებსა და მშენებლობებზე, რომელთა დიდი ნაწილი ბოლომდე ვერ მივიდა. საინტერესოა, რატომ? ყოველ შემთხვევაში აუდიტის სამსახურს ამ თემაზე ძალიან ვრცელი და საინტერესო მიმოხილვა აქვს გამოქვეყნებული.

მიხეილ ბატიაშვილი უახლოეს დღეებში განათლების რეფორმის ახალ კონცეფციას და ახალ კადრებს წარადგენს. იმედია, მისი ხედვა ისეთივე შთამბეჭდავი იქნება, როგორც საკადრო პოლიტიკა. თუმცა მთავარი ნაბიჯი უკვე გადადგმულია - ახალი ღვინო ძველ ტიკებში ვერ მოთავსდება. სულ მალე გაირკვევა, რეალურად რა სახის რეფორმების განხორციელებას აპირებს ახალი მინისტრი და როგორი იქნება მისი გუნდის შემადგენლობა.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0