რატომ ძალადობენ მამაკაცები ქალებზე და რატომ ეგუებიან ამას ქალები

გამოწერა
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველოში მამაკაცების გარკვეული ნაწილის მხრიდან ქალების ქცევა ძალადობის გამოყენებით კონტროლდება. ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებად მიიჩნევენ არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც კი.

რატომ ძალადობენ მამაკაცები ცოლებზე, რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა აიცილოს ქალმა თავიდან ოჯახური ძალადობა, ამის შესახებ ფსიქოლოგი ინგა ბლესსი გვესაუბრა.

— როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ცოლებზე ძალადობენ ის მამაკაცები,  რომლებსაც ბავშვობაში ჰყავდათ ძალიან მკაცრი დედა, იზრდებოდნენ ძალიან მკაცრად, დედა სჯიდა ფიზიკურად, იყვნენ სტრესში. ქალებზე აგრესია სწორედ ამ დროს გროვდება. ბიჭუნა პატარაა, დედას ვერაფერს დაუშავებს, შემდეგ ეს გადაიღვრება და აღმოცენდება ხოლმე ცოლთან ურთიერთობაში. ანუ გამოდის, რომ თავად ქალები წარმოქმნიან ამ ძალადობას. ვერ ვიტყვი, რომ 100 პროცენტი ასეა, მაგრამ ძირითად ეს არის მიზეზი.

აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
რატომ კლავენ საქართველოში ქალებს

- შესაძლოა ქალი თავად გახდეს ამის მაპროვოცირებელი?

— რაც შეეხება მამაკაცის მსხვერპლ ქალებს, ფსიქიკური თვალსაზრისით ეს ქალებიც არ არიან ჩვეულებრივი, სტანდარტული ქალები. ჩვეულებრივ ქალს, რომელსაც ჯანსაღი ფსიქიკა აქვს, არ აქვს მიდრეკილება მოირგოს მსხვერპლის როლი, შესაძლოა ერთხელ დაუყვიროს კაცმა, ან ერთხელ აწიოს მასზე  ხელი, მაგრამ ეს იქნება საბოლოო. ჯანსაღი ფსიქიკის ქალი არ გაუჩერდება ასეთ მამაკაცს. გააგებინებს, რომ მასთან ასეთი მოქცევა არ შეიძლება. ხოლო მსხვერპლი ქალები, ამ მსხვერპლის როლს ირგებენ. ესეც რა თქმა უნდა  ბავშვობიდან გამომდინარეა. ბავშვობიდან უწევთ მსხვერპლის როლში ყოფნა და ბოლომდე ასე გრძელდება. როგორც გვასწავლიდა ბატონი ფროიდი და არა მარტო ფროიდი, ჩვენი პრობლემების ძირითადი ნაწილი ბავშვობიდან, აღზრდიდან და მშობლებს შორის ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

- შეუძლია ქალს ძალადობის თავიდან აცილება? როგორ უნდა მოიქცეს, როცა მასზე ძალადობენ?

— როდესაც ქალი პირველივე მცდელობას შესაბამის რეაგირებას  მისცემს, როგორც წესი ეს ძალადობა პირველივე მცდელობაზე შეწყდება. მამაკაცი თუ თავისი ბუნებით მოძალადეა და მიხვდა, რომ თავის შინაგან აგრესიას ამ ქალზე ვერ განახორციელებს, არ ექნება ამის საშუალება, თუ მასში ძალადობის იმპულსი ძალიან დიდი არ არის, ამ შემთხვევაში ის ნორმალურად გააგრძელებს მოქცევას.

ძალადობა - Sputnik საქართველო
3 თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის ბრალდებით 855 პირი დააკავეს

- ხშირ შეთხვევაში ქალები მალევე ივიწყებენ ამ ყველაფერს და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებენ. ეს ხომ არ უბიძგებს მამაკაცს, რომ მომავალში კვლავ განახორციელოს ქალზე ძალადობა?

— რა თქმა უნდა ასეთი რაღაცის დავიწყება, გატარება არ შემჩნევა, უი, გადაუვლის, არაუშავს, უარეს შედეგს გამოიღებს. პრობლემას რაც უფრო არ ვიმჩნევთ უფრო იზრდება. ზოგადად ცხოვრება ასეა მოწყობილი ყველა ასპექტში, მითუმეტეს მოძალადე მამაკაცების შემთხვევაში.

- რა შემთხვეაში უწევთ ქალებს ამ ყველაფრის ატანა?

— ძალიან ხშირად ადამიანი, რომელიც ამ სიტუაციაში მოხვდა და ეგუება ამ ძალადობას, სავარაუდოდ მშობლების ოჯახში, ბავშვობიდან  მიჩვეული იყო ასეთ სიტუაციას. მისი მშობლების ოჯახში ნორმად ითვლებოდა, რომ კაცმა ქალი უნდა ცემოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ქალმა უნდა მოითმინოს. ეს ქვეცნობიერ პროგრამად იწერება ადამიანის მეხსიერებაში. ასეთ ოჯახში გაზრდილ ქალს მშობლების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს. თუ კი  მის ოჯახში ითვლებოდა, რომ კაცმა ქალი უნდა ცემოს და ქალმა ეს უნდა მოითმინოს, შესაბამისად მას არც მამისგან და არც დედისგან მხარდაჭერა არ ექნება. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ნორმაა. დედას ცემდა ქმარი, ბებიას ცემდა ქმარი, რა მოხდა მერე, მთავარია ჩვენ ოჯახი შევინარჩუნეთ, ცოცხლები ვართ, ბავშვები გავაჩინეთ, შენც იგივენაირად უნდა მოიქცე. ერთის მხრივ, ქალს ასეთი აღზრდა აქვს მიღებული, მეორეს მხრივ არანაირი მხარდაჭერა არ აქვს მშობლების და ოჯახის მხრიდან. სამართალდამცველების მხრიდანაც იშვიათია, რომ სათანადო რეაგირება მოახდინონ. ეს ქალი გამოდის აბსოლუტურად დაუცველი.

ძალადობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება

- რა გავლენას ახდენს ბავშვზე ოჯახური ძალადობა? როგორ აისახება შემდეგ ეს მის ცხოვრებაზე?

— რა თქმა უნდა ოჯახური ძალადობა ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს. როგორც უკვე ვთქვი, ბავშვობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. როგორც კომპიუტერში ჩაიტვირთება  პროგრამები და შემდეგ ამ პროგრამების მიხედვით ხდება კომპიუტერის მუშაობა, ასე იწერება ბავშვის მეხსიერებაშიც ბავშვობის დროინდელი სიხარული, თუ სტრესი. ოჯახური ძალადობა რა თქმა უნდა ცუდად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნევროზი, დეპრესია და ა.შ. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ბევრი ფაქტორია, რომელიც პატარა ადამიანზე ახდენს ზეგავლენას.

- თუ გქონია შემთხვევა, როცა პირიქით  ქალი ძალადობს მამაკაცზე? ან თუ გსმენიათ კონკრეტული ფაქტის შესახებ?

— რა თქმა უნდა არის ასეთი შემთხვევებიც და სწორედ აქედან დავიწყე. დედა, რომელიც პასუხს ვერ სცემს ქმარს, რადგან ქმარი ფიზიკურად ძლიერია მასზე და ვერ გაუმკლავდება, შემდეგ თავის აგრესიას და ტკივილს გადმოანთხევს ბავშვზე, ხშირად ბიჭუნაზე. ესეც ხომ იგივე ძალადობაა? თუ კონკრეტულად განვიხილავთ ზრდასრული ქალის ზრდასრულ მამაკაცზე ძალადობას, რა თქმა უნდა ესეც ხდება. ეს ცოტა ძნელია განსახორციელებლად, რადგან მამაკაცი ფიზიკურად ძლიერია და მეტად აქვს საშუალება დაიცვას თავი. თუმცაღა ეს ზოგჯერ მაინც ხდება. ქალი მამაკაცზე ძალადობს იმ შემთხვევაში, როცა მამაკაცი ყელში ამოუყვანს მას და თავდაცვის მიზნით აკეთებს ამას. მე ვიცი შემთხვევები, რომ ბებიას ბაბუა მოუკლავს საკუთარი თოფით. ესეც ხომ კარგი ცხოვრების გამო არ ხდება? გაამწარა ქმარმა და თავდაცვის მიზნით გააკეთა ეს.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
„ქალთა მოძრაობის“ მსვლელობა და შს სამინისტროსადმი წაყენებული მოთხოვნები

- სად ხედავთ გამოსავალს? როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, რომ იკლოს ოჯახურმა ძალადობამ, მკვლელობის ფაქტებმა, რომელიც ასე გახშირდა ბოლო პერიოდში?

— მე ჩემი დარგიდან და პროფესიიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგის დახმარება  აუცილებელია. ალბათ არ არსებოს ადამიანი, რომელსაც ამა თუ იმ კუთხით არ სჭირდებოდეს ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის დახმარება. ჩემი აზრით საჭიროა გააზრებულად გახდე მშობელი. 20 და თუნდა 25 წლის ასაკში საკმაოდ რთულია მთელი სერიოზულობით მიუდგე შვილის გაჩენის და აღზრდის საკითხს. უნდა იცოდე შენი რომელი ქმედება რა ზიანს აყენებს ბავშვს. ჩემი აზრით შემთხვევით არ ხდება ის, რომ მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი ინტერესია ფსიქოთერაპიის მიმართ. უამრავი კარგი სპიკერია, რომელიც ყველა ეს თემა უბრალო მოქალაქეებამდე მიაქვს. ჩემი მისიაც თითქოს ეს არის. მინდა ადამიანი ჩავაფიქრო და დავანახო, რომ ყოველი მისი ნაბიჯი განაპირობებს მის მომავალს, მისი შვილების მომავალს.
ჩემი აზრით არ იმატა ამ ძალადობის რიცხვმა. თუ შევადარებთ წინა საუკუნეებს, ადამიანის, ქალების, ბავშვების უფლებებს, გამოვიტანთ დასკვნას, რომ საზოგადოება, როგორც ცალკე ორგანიზმი ვითარდება, უფრო კაცთმოყვარე და გააზრებული ხდება. ალბათ ესეც ერთგვარი ჩანაფიქრია შემოქმედის მიერ. ძალადობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, ბევრია იმის ხარჯზე, რომ თუ ადრე ეს მიიჩნეოდა ნორმად და არავინ დაიწყებდა ამის გაშუქებას, დღეს უკვე ამაზე ვსაუბრობთ, ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ჩემი აზრით, უბრალოდ ინფორმირებულობაა მეტი და არა ძალადობის ფაქტები.

ძალადობა - Sputnik საქართველო
„საქართველოს სირცხვილი“ - პრემიერი ქალის დამჩაგრავისთვის უმკაცრესი სასჯელის მომხრეა

ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, რომ დანაშაულამდე მოხდეს ამის პრევენცია და არა ჩადენილის შემდეგ ჩამდენის დასჯა. ვფიქრობ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. საჭიროა შესაბამისი ფსიქოლოგიური განათლება და დახმარება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. მე რაც შემიძლია ვცდილობ და ვხედავ, რომ შედეგები არის. საბოლოოდ მინდა რიტორიკული დასკვნა გავაკეთო, საჭიროა ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ კარგად და ნაკლებად ვაფათუროთ ხელები სხვის ცხოვრებაში.

ყველა ახალი ამბავი
0