როგორ მოვძებნოთ სამსახური – სპეციალისტის რჩევები

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა დასაქმების მსურველს გამოუვლია „სამუშაოს ძებნის პერიოდი". ესაა დროის ის მონაკვეთი, როდესაც სამსახურიდან დათხოვილი პირი, ან ახალი სამუშაო ძალა თავისი უნარების და მოთხოვნების შესაბამის საქმეს ეძებს.

იმის თაობაზე, რამდენად ეხმარება დასაქმების საიტები ადამიანებს „სამუშაოს ძებნის პერიოდის" შემცირებაში და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებისას, „Sputnik-საქართველოსთან" ერთ-ერთი დასაქმების საიტის work.ge-ს ხელმძღვანელი თემურ თოდუა საუბრობს.

სამუშაოს ძებნის პერიოდი მით უფრო მცირეა, რაც უფრო ადვილია დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელს შორის დაკავშირება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი აკრისრიათ ვაკანსიების საძიებო ვებ-გვერდებს. ჩვენ ქვეყანაში დასაქმების საიტები ჯერჯერობით დაბალი ნდობით სარგებლობს. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ გამოცხადებული ვაკანსიები არ არის რეალური. განსაკუთრებით მაღალია ამ რესურსის მიმართ უნდობლობა რეგიონებში. ნდობის დაბალ მაჩვენებელზე ვიზიტორების რაოდენობაც მეტყველებს. ვიზიტორების რაოდენობა ვაკანსიების საიტებზე დაახლოებით 15-25 ათასს შორის მერყეობს, ეს მაჩვენებელი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის (მაგალითად, ტოტალიზატორების საიტებს ყოველდღიურად 300 000 ადამიანი სტუმრობს) და უმუშევრობის დონის გათვალისწინებით საკმაოდ დაბალია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების საიტების მიმართ ნდობა ნელ-ნელა იზრდება.

თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
დასაქმება: ქვეყნის მოსახლეობის 64% თბილისში მუშაობს

– რა განაპირობებს უნდობლობას?

— უნდობლობა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. ერთ-ერთი საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი მოსაზრებაა, თითქოს საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს კერძო კომპანიებს, რომ ვაკანსიები საჯაროდ გამოაცხადონ. რეალურად ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კანონმდებლობაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, ასეთი ვალდებულება მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებს აქვთ, ხოლო კერძო კომპანიები ამ მხრივ სრულიად თავისუფლები არიან. შესაბამისად, თუ დასაქმების საიტზე გამოცხადებულია ვაკანსია კერძო კომპანიის მიერ, ის რეალურია და ნიშნავს, რომ დამსაქმებელი აქტიურად ეძებს ახალ თანამშრომელს.

– რას ურჩევთ სამსახურის მაძიებლებს?

— მიმაჩნია, რომ უმუშევარი ადამიანი უსაქმოდ არ უნდა იყოს. მან დღეში მინიმუმ ორი საათი მაინც უნდა დაუთმოს სამსახურის ძებნას, დანარჩენი დრო კი თვითგანვითარებას უნდა მოახმაროს. თვითგანვითარებაში თავისი პროფესიის შესახებ ცოდნის გაღრმავების გარდა ზოგად უნარებსაც ვგულისხმობ, ასევე კომუნიკაციის უნარს, რეზიუმეს სწორად შედგენის სწავლას და ა.შ. ზოგჯერ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებისას დამსაქმებელი ითხოვს სამოტივაციო წერილს, ასევე მაძიებელმა ის შეიძლება გაგზავნოს მოთხოვნის გარეშეც. სამოტივაციო წერილი პირველ რიგში გულწრფელი უნდა იყოს და არა შაბლონური, მასში უნდა იყოს ახსნილი, თუ რატომ სურს ადამიანს ამ კონკრეტულ ორგანიზაციაში დასაქმება. კანდიდატს უნდა ახსოვდეს, რომ სამოტივაციო წერილი იგზავნება კონკრეტულ კომპანიაში და იგივე წერილი სხვა ორგანიზაციისთვის არ გამოდგება. ზოგი იტყვის რომ ვაჭარბებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამსახურის მოძებნა საკმაოდ პუნქტუალურ მუშაობას მოითხოვს.

Обработка данных - Sputnik საქართველო
დასახელდა ყველაზე იშვიათი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები საქართველოში

– მართალია რომ დამსაქმებლები ხშირად არარელევანტური რეზიუმეების სიმრავლეს უჩივიან?

— ხშირად სამსახურის მაძიებელი აკეთებს განაცხადს ისეთ ვაკანსიაზე, რომლის მოთხოვნებს მცირედითაც ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ ჯობს დასაქმების მსურველმა მაქსიმალურად ობიექტურად განსაზღვროს თავისი უნარები და ისიც, თუ რომელ ვაკანსიას შეესაბამება მისი ცოდნა. არარელევანტური რეზიუმეების კუთხით მცირე წვლილი ზოგადად დამსაქმებლებსაც მიუძღვით, რადგან სამუშაოს აღწერილობაში ხშირია ისეთი მოთხოვნები, რასაც კონკრეტული პოზიცია არ საჭიროებს, შედეგად მაძიებლები ეჩვევიან ისეთ ვაკანსიებზე გამოხმაურებას, სადაც აუცილებელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

ქალთა პირველი ბიზნეს-ფორუმი აჭარაში - Sputnik საქართველო
უდიპლომოდ, მაგრამ დასაქმებული - დასახელდა საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

– რამდენად შეესაბამება დამსაქმებლის მოთხოვნები შრომის ბაზარზე არსებულ რეალობას?

— საკმაოდ ხშირია, როდესაც დამსაქმებელს მოთხოვნები შაბლონურად აქვს შედგენილი და შეიძლება იქ რამდენიმე ისეთი პუნქტიც იყოს, რომელიც საერთოდ არ სჭირდება გამოცხადებულ პოზიციას. გარდა ამისა, დამსაქმებლები ზოგჯერ ისეთ პოზიციებზეც ითხოვენ CV-ს გაგზავნას, სადაც პოტენციურ კანდიდატებს დიდი ალბათობით ის არ ექნება. მაგალითად, ავტომობილის სავალი ნაწილის ხელოსანს, რომელიც შეიძლება ძალიან გამოცდილი იყოს თავის საქმეში, შესაძლოა არ ჰქონდეს რეზიუმე შედგენილი და, შესაბამისად, ვერ გააკეთოს განაცხადი ისეთ ვაკანსიაზე, რომელზეც იდეალური კანდიდატი იქნებოდა. შედეგად ვიღებთ იმას, რომ საქმის პროფესიონალი ვერ აკეთებს განაცხადს ვაკანსიაზე, კომპანია კი კარგავს კარგი თანამშრომლის შეძენის შესაძლებლობას. ასევე ხშირად ხდება ისიც, რომ კომპანიები უშველებელ სააპლიკაციო ფორმის შევსებას ითხოვენ წარმატებული პროფესიონალებისგან და თანაც ისე, რომ ხელფასსაც არ უთითებენ. ასეთ დროს ხშირად გამოცდილი კანდიდატი თავს იკავებს ფორმის შევსებაზე დროის დახარჯვისგან. სასურველია ვაკანსიის გამოცხადებისას დამსაქმებელმა სწორად გათვალოს მსგავსი სიტუაციები, რათა იპოვოს იდეალური თანამშრომელი.

ასფალტის დაგება - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე საჭირო პროფესიები დასახელდა

– ისე, საქართველოში ყველაზე ხშირად სამსახურს მაინც უფრო ნაცნობობით იწყებენ…

— ნაცნობობით სამსახურის დაწყება მსოფლიოშიც აპრობირებული მეთოდია, ოღონდ, ხაზს ვუსვამ, ნაცნობობით დაწყებას და არა ნეპოტიზმის ხარჯზე. რამდენადაც მახსოვს, მაგალითად, იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებში პირადი კონტაქტებით დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 70-80%-ია.

– თქვენ თუ გისარგებლიათ ადრე ვაკანსიების საიტით?

— ორჯერ დავიწყე საქართველოში კერძო კომპანიაში მუშაობა და ორივეჯერ ვაკანსიის შესახებ დასაქმების საიტის საშუალებით შევიტყვე.

– შრომის ბაზრის მთავარი პრობლემა რა არის დღეს?

— ჩემი აზრით, შრომის ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს დამსაქმებლის და მაძიებლის დაკავშირების სიმარტივეა. აუცილებელია დამსაქმებლის მხრიდან მკაფიოდ ჩამოყალიბდეს ვაკანტური პოზიციის შესახებ ინფორმაცია — საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ფუნქციები, შრომის ანაზღაურება და სხვა ბენეფიტები. ასევე მაძიებელმაც, აუცილებელია, სწორად განსაზღვროს საკუთარი უნარები, შესაძლებლობები და პრიორიტეტები. მნიშვნელოვანია რეზიუმეც სწორად და გასაგებად იყოს შედგენილი. ამასთანავე ვაკანსიების საიტებმა უფრო მოსახერხებელი უნდა გავხადოთ ჩვენი პორტალები, რათა დამსაქმებელმა მარტივად განათავსოს ვაკანსია, ხოლო მაძიებელმა მაქსიმალურად მცირე დროში ადვილად გაფილტროს სასურველი განცხადებები. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად გაამარტივებს ახალი შრომითი ურთიერთობების წარმოშობას. იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე შრომითი ურთიერთობების წარმოშობა გამარტივებული იქნება, დამსაქმებელი სწრაფად იპოვის მისთვის შესაბამის კანდიდატს და შეუქმნის მას ისეთ პირობებს, რომ მოტივირებული იყოს და სხვაგან წასვლა არ მოუნდეს, ხოლო დასაქმებული ადამიანი კი შეეცდება იყოს კონკურენტუნარიანი და, შესაბამისად, კიდევ უფრო უკეთესად შეასრულოს თავისი საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0