რა გზას გადის ქართველი ემიგრანტი უცხოეთში ლეგალური მუშაობის უფლების მოსაპოვებლად

© photo: courtesy of Nelli Godsiashviliქართველი ემიგრანტი იტალიაში ნელი გოძიაშვილი
ქართველი ემიგრანტი იტალიაში ნელი გოძიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მასალაში გადავწყვიტეთ ერთი ემიგრანტის კერძო მაგალითზე მოგითხროთ, თუ რა სირთულეების გადალახვა უწევთ ქართველებს უცხოეთში მუშაობის ლეგალური უფლების მოსაპოვებლად.

ამასთან დავინტერესდით, რა აზრის არიან ისინი თანამემამულის სტატუსზე. აღნიშნულ თემებზე იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ქალბატონ ნელი გოძიაშვილს გავესაუბრეთ. 

– ქალბატონო ნელი, წლებია, რაც ემიგრანტი ხართ, მაინტერესებს, თუ გაეცანით კანონს თანამემამულის სტატუსზე? 

— მე გავეცანი ამ კანონს, რომლითაც ემიგრანტს შეუძლია თანამემამულის სტატუსი დაიმტკიცოს. ის, რომ ლეგალურად მცხოვრებ ემიგრანტს შეუძლია ნებისმიერ სფეროში მუშაობა — ეს ყველამ ვიცით, მაგრამ უცხოეთში მყოფ ქართველს ვინ მიგაღებინებს სპორტის რომელიმე სახეობაში შეჯიბრში მონაწილეობას, თუ მასში მთელი წლის მანძილზე არ ხარ ჩაბმული? ან გამოფენას ვინ მოგიწყობს — მხატვარი იქნება ეს თუ პროფესიონალი ფოტოხელოვანი — როგორ წარმოგიდგენიათ? უცხოეთში მიხვალ და ეტყვი: მე ემიგრანტი მოდელი, მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე ან სპორტსმენი ვარ და ფილმში გადამიღეთ, გამოფენა მომიწყვეთ, ან ფეხბურთი მათამაშეთო?! ასე ადვილი გგონიათ ყველაფერი? რის საფუძველზე დაიდება კონტრაქტი ამ ადამიანებს — ანუ ემიგრანტებსა და (ჩემ შემთხვევაში) იტალიელების ოფიციალურ სტრუქტურებს შორის? სხვა საქმეა, თუ საქართველოდან უცხოეთში იღებ მონაწილეობას. პირადად მე ყოფილი მოცეკვავე ვარ და ანსამბლთან ერთად ნახევარი აზია, ევროპა თუ ამერიკა შემოვიარე, მაგრამ საქართველოდან უცხოეთში წარსადგენი რაიმე საბუთი არ დამჭირვებია. მინდა გითხრათ, რომ იტალიელებმა ისედაც იციან, რომ ჩვენ ამა თუ იმ ქვეყნის თანამემამულეები ვართ და ემიგრანტს ვერაფერი უშველის, თუ სახელმწიფომ არ გამოუშვა კანონი, რის საფუძველზეც ემიგრანტი უცხოეთში ლეგალი გახდება.

– იტალიაში მყოფი ქართველი როგორ მოიპოვებს ლეგალური მუშაობის უფლებას?

— ახლა გეტყვით, როგორაა ეს საქმე იტალიაში: აქ ეს კანონი 5 წელიწადში ერთხელ გამოდის და მას იტალიურ ენაზე Permesso ჰქვია, რაც ნიშნავს დაშვებას. მას თავისი კოდური ციფრები აქვს, რის საფუძველზეც ე.წ. აქაურ პირადობის მოწმობას იღებ, ექიმის საჭიროების შემთხვევაში კი პლასტიკურ ბარათსაც გაძლევენ.

– permesso-ს მისაღებად რა არის საჭირო? 

— ეს permesso იგივე პასპორტს ნიშნავს და მის ასაღებად საბუთების შეგროვებასთან ერთად თითების ანაბეჭდების დატოვებაც არის საჭირო. ყველა ქართველი თუ არა, ქართველი ემიგრანტი პოლიციის განყოფილებაში სწორედ ამ თითის ანაბეჭდების გამო ვდგავართ ხოლმე რიგში. 

ასეთი შემთხვევაც მახსენდება: ერთი ჩემი მეგობარი ორჯერ დაიბარეს, რათა თითის ანაბეჭდები აეღოთ, რადგან ეს ანაბეჭდი ორჯერვე ზუსტად არ იყო ნაჩვენები და permesso მხოლოდ მე-3-ე მისვლის შემდეგ გაკეთდა. ჩემი საქაღალდე აქაური დოკუმენტებით სავსეა და ასევე ყველა იმისა, ვისაც ჩემნაირად აქაური საბუთი აქვს.

– ადგილობრივი კანონის რა მოთხოვნებს უნდა ასრულებდეს იტალიაში მყოფი ემიგრანტი? 

— განვმარტავ ისე, როგორც ეს ჩემს შემთხვევაშია, ანუ: იტალიაში, ჯერ ერთი, ემიგრანტი სახელმწიფოში არანაკლებ 1 წელი უნდა იყოს შემოსული, უნდა ჰქონდეს რაიმე სახელმწიფო დაწესებულების ქვითრები, ანუ სადმე უნდა იყოს დაფიქსირებული, ჰქონდეს კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი, ან ნებისმიერ ქვეყანაში გაგზავნილი ფულის ქვითარი, ან ექიმის მიერ გამოწერილი ნებისმიერი წამლის რეცეპტი და, მთავარია, უნდა ჰქონდეს თვითმფრინავის ბილეთი. კიდევ, იმ 1 წლის მანძილზე, რაც ამ ქვეყანაში ხარ, საზღვარი არ უნდა გქონდეს დარღვეული, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გაქვს და პარალელურად არ მუშაობ, საბუთი არ გიკეთდება.

– რა სახის კონტრაქტს და როგორ აფორმებენ ემიგრანტთან და რა პროცედურებს გადიან საამისოდ? 

— კონტრაქტს მხოლოდ ის გიფორმებს, ვისთანაც მუშაობ. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თანახმაა და მას სჭირდები. თუ ასეთი ადამიანი უძლურია, მაშინ მისი ოჯახის წევრები მოქმედებენ, ან ადამიანი, რომელსაც ვალდებულება, ანუ ზრუნვა აქვს უძლურ ადამიანზე აღებული. იმ ქალაქის თუ დაბის პოლიციის ორგანოებში ამ ყველა საბუთთან ერთად თუ რამე გაკლია ან დამატებით მისატანია რაიმე საბუთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს წესის მიხედვით აგიხსნიან. თუ ყველა საბუთი წესრიგშია, ამის შემდეგ პატრონთან ერთად მიდიხარ ბანკში, იხდი 1000 ევროს და ყიდულობ ე.წ. “მარკას“, რომელიც 16 ევრო ღირს და კიდევ 4 ფოტოსურათია საჭირო. ეს ყველაფერი ქართული პასპორტის გვერდის ავლით ხდება. ამის შემდეგ პოლიციის ორგანო ყველა სასურველ საბუთს აგზავნის პოლიციის შემდგომ ორგანოებში, სადაც პოლიცია ამოწმებს ვინ ხარ, ანუ კრიმინალური წარსული ხომ არ გაქვს. ამ ყველაფერს დაახლოებით 6 თვემდე სჭირდება. რის შემდეგაც დადებითი ან უარყოფითი პასუხი მოდის იმ მისამართზე, სადაც ემიგრანტი მუშაობს. დადებითი პასუხის შემთხვევაში ზრუნვას იწყებ საბუთზე, რომელსაც მხოლოდ 2-წლიანი ვადა აქვს და ყოველი 2 წლის შემდეგ მას სხვა ოჯახის დახმარებით ისევ ცვლი. 

– მუდმივ საბუთს რა შემთხვევაში გასცემენ?

— მაგასაც მოგახსენებთ. ამ დროებითი საბუთის აღებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაქვს უფლება, რომ შეიტანო განცხადება მუდმივ საბუთზე. აქ უკვე იტალიური ენის ცოდნა ბარდება. ყოველი 2 წლის შემდეგ დაახლოებით 170 ევრომდეა გადასახადი და ეს ყველაფერი კანონიერად ხდება. 2 წლის შემდეგ იმ საბუთს ძალა ეკარგება. საბუთის დამტკიცების შემდეგ რამდენიმე თვის მანძილზე მოდის გადასახდი, რომელსაც ჰქვია “კონტრიბუტი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ოჯახში 7 თვის მანძილზე ლეგალურად მუშაობდი. საამისოდ 1 თვის გადასახადი დაახლოებით 200 ევროდან 350-400 ევრომდეა. რა თქმა უნდა, ესეც მხოლოდ კანონის გათვალიწინებით ხდება და ამ ქვითრებს ინახავ. ყველა ლეგალმა თუ არალეგალმა ემიგრანტმა იცის ეს პროცესი რა სირთულეებთანაა დაკავშირებული და რა სოლიდური თანხა ჯდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფრი უცხო ქვეყნის კანონის თანახმად ხდება. 

– თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, რაში ხედავთ გამოსავალს?

— ყველა შემთხვევაში საჭიროა, რომ საქართველოდან ემიგრანტის სტატუსი გაიცეს და ჯიბეში მისი დამადასტურებელი საბუთი გქონდეს. თანამემამულის სტატუსი ვერავის დაეხმარება იმაში, რომ უცხო ქვეყანაში სამსახური იშოვოს. აქ არავის სჭირდება ეგ სტატუსი და ევროპაში კი — ვის დაკარგვიხარ?! ასე რომ, დარწმუნებული ვარ, საქართველოდან გაცემული ემიგრანტის სტატუსი და მისი დამადასტურებელი საბუთი ემიგრანტებს პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება. 

მოგეხსენებათ, დღევანდელი ჩვენი რესპონდენტის მოსაზრებები და მისი პრობლემები მხოლოდ კერძო ხასიათის არ გახლავთ და, ამდენად, ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ მას იურისტები და შესაბამისი კომპეტენტური უწყებებიც გაეცნობიან. აგრეთვე მასალაში მოცემული ინფორმაცია მათთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება, ვინც სამომავლოდ უცხოეთში სამუშაოდ წასვლას აპირებს.


ყველა ახალი ამბავი
0