ბელგიაში მოსახლეობა ლოცვით გამოდის შოკიდან, მსოფლიო კი ტერორიზმს ებრძვის

© REUTERS / FRANCOIS LENOIRტერაქტის შემდეგ ბრიუსელში
ტერაქტის შემდეგ ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ შეხვდნენ ტერაქტების შემდეგ ბელგიელები აღდგომას, რამდენად უქმნის დისკომფორტს გამკაცრებული საპოლიციო კონტროლი ადგილობრივ მოსახლეობას, ამ თემებზე Sputnik-ის ჟურნალისტს ბელგიაში მცხოვრებმა ქართველებმა უამბეს.

ნინო ცხოიძე

ბრიუსელში მომხდარმა ტერაქტებმა ბელგიაში მცხოვრებთა ყოველდღიურობა გარკვეულწილად შეცვალა. მშვიდობას მიჩვეულ ადამიანებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე სამხედროების და პოლიციელების მეთვალყურეობის ქვეშ უწევთ გადაადგილება. მეტროს სადგურების, დაწესებულებების და მაღაზიების შესასვლელებში საგულდაგულოდ ჩხრეკა მათვის ცოტა უჩვეულოა. მაგრამ ბრუსელელები ნებაყოფლობით ხსნიან ჩანთებს და არც ის უქმნით დისკომფორტს, რომ ამ დღეებში აღდგენილ საქალაქო ტრანსპორტშიც, პოლიციელების თანხლებით მგზავრობენ. პირიქით, მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების ზომები ადრეც უნდა ყოფილიყო გამკაცრებული.

© REUTERSპოლიციის თანამშრომლები ბრიუსელის მეტროში
პოლიციის თანამშრომლები ბრიუსელის მეტროში - Sputnik საქართველო
პოლიციის თანამშრომლები ბრიუსელის მეტროში

გასულ კვირას, 27 მარტს, ბრუსელში აღდგომაც, გარკვეულწილად, უჩვეულო იყო. ევროპის დედაქალაქში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, ამ დღესასწაულს ბელგიელები ძირითადად ოჯახებში აღნიშნავდნენ და ტრადიცია არ დარღვეულა. თუმცა, ამჯერად ბრუსელის ცენტრში „შიშის წინააღმდეგ“ ცოტა ხნით გადადებული მარში სამშვიდობო აქციის ფორმით გაიმართა. ბელგიის „რადიკალმა მემარჯვენეებმა“ კი ეს მდუმარება დაარღვიეს.

იქ, სადაც ყვავილებითა და სანთლებით სავსე მოედანზე უამრავი ხალხი 22 მარტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდა, ბელგიის დროშით და ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული უზარმაზარი პლაკატით, მაგრამ ხმაურიანი შეძახილებით, ახალგაზრდა მამაკაცების დიდი ჯგუფი შეიჭრა. მათ უმეტესად შავი ტანსაცმელი, ნიღბები და თავზე წამოხურული ქურთუკები ეცვათ. რამდენიმემ პირდაპირ ყვავილებსა და სანთლებს შორის გადააბიჯა, რასაც იქ მყოფთა რეაქცია მოჰყვა.

პოლიციამ არეულობის შემომტან ადამიანებს ალყა შემოარტყა და განდევნა დაიწყო. მცირედი შეხლა-შემოხლაც მოხდა და საბოლოოდ, პოლიციელებს წყლის ჭავლის გამოყენებაც დასჭირდათ მათ დასაშლელად.

მარინე ბარბაქაძე, ბელგიაში მცხოვრები სტომატოლოგი:  „აღდგომის აღნიშვნის თვალსაზრისით დიდი ცვლილება არ შეინიშნება. ოღონდ ქუჩაში ხალხი უფრო ნაკლებად დადის. უმეტესად ეკლესიებში არიან. იკრძალება ჯგუფური თავშეყრა. ტრანსორტი სავსეა პოლიციელებით. მაგრამ მთვარია ხალხის განწყობა- დამწუხრებული და ცოტა შეშინებულიც. 

პატარა ქალაქებში ყოველდღიურად იმართება სამგლოვიარო მსვლელობა. ერთერთ ქალაქში მეც მივიღე მონაწილეობა და ვნახე ხალხი როგორ ტიროდა. დილიდან ღამის 2 საათამდე ქალაქებში ეკლესიებიდან ქადაგება და საგალობლები მთელი ქალაქის მასშტაბით ისმის. 28 მარტს მიცვალებულთა დღე აღინიშნა, როცა ბელგიელები საფლავებზე გადიან“.

ბელგიელები ცდილობენ შოკური მდგომარეობიდან გამოსვლას და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. ხალხი სამსახურში დადის, სწავლაც გაგრძელდა. მაგრამ აქ მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის ქართველებსაც მიაჩნიათ, რომ დამნაშავეების დაკავებისა და საშიში იარაღის ამოღების შემთხვევაში, შეიძლება მოიხსნას ხალხში ჯერაც არსებული შიში და საფრთხის მოლოდინი. 

ამასობაში, ტერორისტებმა მორიგ სამიზნედ პაკისტანი აირჩეს და აქაც ქრისტიანების წინააღმდეგ სწორედ აღდგომას, საბავშვო მოედანზე დაღვარეს უდანაშაულო ადამიანების სისხლი. ხოლო მორიგი ტერაქტები ისევ პარიზში, ლონდონსა და ვაშინგტონში დააანონსეს.

"პოლიციის პატრულირება პარიზშიც გამკაცრებულია და ქუჩებში მათი რიცხვი გაზრდილია, სხვა მხრივ სიმშვიდეა"- ამის შესახებ ინფორმაცია პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა მომაწოდა.

28 მარტს, ამერიკის დროით, დაახლოებით 16 საათისთვის, ვაშინგტონში სროლის ხმა გაისმა. საერთაშორისო მედიამ მაშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სროლა ერთმა შეიარაღებულმა პირმა კაპიტოლიუმის კაპიტოლიუმის ცენტრში განახორციელა. დაკავებულია ერთი ადამიანი, დაჭრილია სამართალდამცველი.

თვითმხილველების ცნობით, სროლა იყო კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრთან, რის შემდეგაც იქ მყოფი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს. 

მსოფლიო შეშფოთებულია. თუმცა, ხალხი ცდილობს პანიკა დაძლიოს, რათა ტერორისტებმა საწადელი არ აიხდინონ. სამართალდამცავები ახლა უფრო მეტი ყურადღებით მუშაობენ და ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავებებიც გახშირდა.  თუმცა, ამის პარალელურად, ევროპაში ტურისტების რაოდენობა მცირდება, რაც მალე ამ ქვეყნების ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.


ყველა ახალი ამბავი
0