ჯონ შალიკაშვილი, უარით გაწბილებული ბილ კლინტონი და შეუმოკლებელი გვარი

© National Library of Georgiaჯონ შალიკაშვილი ნაბდით
ჯონ შალიკაშვილი ნაბდით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯონ შალიკაშვილს გვარის შემოკლებას და „შალიდ“ გადაკეთებას სთავაზობდნენ, რათა ამერიკელებს ენა არ ეტეხათ მისი წარმოთქმისას. ბილ კლინტონიც კი სთხოვდა ამას, მაგრამ შალიკაშვილი მზად იყო თანამდებობასაც კი დამშვიდობებოდა, ოღონდ ერთი ასოც კი არ შეეცვალა საკუთარ გვარში.

ბესიკ ფიფია

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik.

ჯონ შალიკაშვილი — ქართული წარმომავლობის ამერიკელი გენერალი. მამა — დიმიტრი შალიკაშვილი გურჯაანში დაიბადა. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ვიცე–პოლკოვნიკი გახლდათ; რესპუბლიკისა, რომელმაც 1918–დან 1921 წლამდე იარსება.  საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის ჯერ თურქეთში გაიქცა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა. 1939 წელს დიმიტრი შალიკაშვილი „ქართული ლეგიონის“ წევრი გახდა, რომელიც გერმანიის სარდლობამ ქართველი ემიგრანტებისგან დააარსა კავკასიის კომუნისტებისგან გასათავისუფლებლად. დიმიტრი შალიკაშვილი იბრძოდა სტალინგრადთან და ნორმანდიაში გერმანული „სს–ის“ არმიის შემადგენლობაში. ის ტყვედ ჩავარდა და სამხედრო ტყვეთა ბანაკში გარკვეული პერიოდი გაატარა. გათავისუფლების შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა და 1957 წელს სამუდამო საცხოვრებლად აშშ–ში გადავიდა.  

მარშალ როკოსოვსკის ,,გადასახლება" სტალინის სამშობლოში

ჯონ შალიკაშვილი 1936 წელს დაიბადა ვარშავაში. ამერიკის არმიაში სამსახური ალიასკაზე 1958 წელს უმცროსი ლეიტენანტის ჩინით დაიწყო.  მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, გეგმავდა და ხელმძღვანელობდა აშშ–ის არმიის მთელ რიგ სამხედრო კამპანიებს, მათ შორის, 1991 წლის სპარსეთის ყურის ომს 1991 წელს და ასევე სამშვიდობო ოპერაციებს სომალიში და ბალკანეთზე. 1993 წელს აშშ–ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კოლინ პაუელი შეცვალა.  სწორედ ამ რანგში ეწვია იგი საქართველოს 1995 წლის მაისში, მეუღლესთან ერთად. ჯონ შალიკაშვილი შეხვდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძესა და თავდაცვის მინისტრ ვარდიკო ნადიბაიძეს. 

ჯონ და ოთარ შალიკაშვილები
ჯონ და ოთარ შალიკაშვილები - Sputnik საქართველო
ჯონ და ოთარ შალიკაშვილები

ჯონ შალიკაშვილს საქართველოში თან ახლდა ძმა ოთარი, მეუღლითურთ. ოთარ შალიკაშვილმა თქვა, რომ მათი მამა მემუარებში წერდა, ორი ულამაზესი ადგილი ვიცი მსოფლიოში და ორივე საქართველოშია — ერთი ალაზნის ველის განუმეორებელი ხედი და მეორე — მწვანე კონცხის შავი ზღვისპირეთის გამაოგნებელი პეიზაჟიო. და ძმებმა შალიკაშვილებმა ამ ადგილების მონახულების სურვილი გამოთქვეს. ისინი ასევე ეწვივნენ წინანდალს, თელავს, ალავერდს. მამის მშობლიურ გურჯაანში კი სიურპრიზი ელოდათ: საქართველოს ხელისუფლებამ ძმებს მამისეული სახლი გადასცა. 

ჯონ შალიკაშვილი კახეთში
ჯონ შალიკაშვილი კახეთში - Sputnik საქართველო
ჯონ შალიკაშვილი კახეთში

საქართველოში ჯონ შალიკაშვილს ყველგან თან დაჰყვებოდა თანამგზავრული ანტენებით ღჭურვილი  სპეციალური ავტომობილი. კახეთში მანქანის გარშემო მოსახლეობა შეიკრიბა და  გაოცებული ათვალიერებდა იმ დროისთვის უცხო, შიგნით შეღუნულ ალუმინის თეფშებს, რომლებსაც ჭაჭის სახდელი ქვაბის ხუფს ადარებდნენ. გენერალმა შენიშნა, რომ მანქანა ინტერესს იწვევდა, გაიღიმა და თქვა: „ეს ტექნიკა ბირთვულ ომთანაა დაკავშირებული. დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ვიყო, ყოველწამიერი კავშირი უნდა მქონდეს ამერიკის პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ სამს შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება ბირთვული შეტევის დაწყებაზე“. 

ჯონ შალიკაშვილი მეუღლესთან ერთად
ჯონ შალიკაშვილი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
ჯონ შალიკაშვილი მეუღლესთან ერთად

გურჯაანში ნადიმისას საუბარი შეეხო შალიკაშვილების გვარის ისტორიას. თქვეს, რომ გვარი თავადური წარმომავლობისაა და ფესვები სამხრეთ საქართველოში — სამცხე–საათაბაგოში აქვს. რუსეთის იმპერიაში, რომლის ნაწილიც გახლდათ საქართველო, დიდგვაროვანმა შალიკაშვილებმა გვარი რუსულ ყაიდაზე გადაიკეთეს. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტი და მწერალი პეტრე შალიკოვი და ნაპოლეონის ომების ეპოქის სარდალი, გენერალ–მაიორი ანტონ ჩალიკოვი. 

გვარის შემოკლებას და „შალიდ“ გადაკეთებას ჯონ შალიკაშვილსაც სთავაზობდნენ, რათა ამერიკელებს ენა არ ეტეხათ მისი წარმოთქმისას. ბილ კლინტონიც კი სთხოვდა ამას, მაგრამ შალიკაშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა. ის მზად იყო თანამდებობასაც კი დამშვიდობებოდა, ოღონდ ერთი ასოც კი არ შეეცვალა საკუთარ გვარში. და მას ამის მიზეზი ჰქონდა. როცა ჯონი პატარა იყო და მშობლებთან ერთად ჯერ კიდევ პოლონეთში ცხოვრობდა, მათთან სახლში სტუმრად მისულა თავად ანდრონიკაშვილთა გვარის წარმომადგენელი. მამასთან საუბრისას გაირკვა, რომ მას გვარი რუსულ ყაიდაზე გადაეკეთებინა და ანდრონიკოვად ჩაწერილიყო. დიმიტრი შალიკაშვილი გაცეცხლებულა, წამომხტარა და განრისხებულს სტუმარი შინიდან გაუგდია, რაღა კაცი ხარ, თუ მამის გვარიც კი ვერ შეგინარჩუნებიაო! და რამდენჯერაც ჯონს გვარის შეცვლას სთავაზობდნენ, იმდენჯერ თურმე ეს სურათი უდგებოდა თვალწინ. 

თინათინ ხიდაშელი ჯონ შალიკაშვილის საფლავზე
თინათინ ხიდაშელი ჯონ შალიკაშვილის საფლავზე - Sputnik საქართველო
თინათინ ხიდაშელი ჯონ შალიკაშვილის საფლავზე

… საქართველოსა და აშშ–ს შორის მეგობრობის ნიშნად, „ქართველი ხალხის საამაყო შვილისა“ და ამერიკელი გენერლის საპატივცემულოდ თბილისის ერთ–ერთ ქუჩას ჯონ შალიკაშვილის სახელი ეწოდა. 


საავტორო სერიიდან „დიდი ადამიანები საქართველოში“.  


ყველა ახალი ამბავი
0