თბილისის საერთაშორისო კავკასიური მედიაფორუმი დასრულდა

გამოწერა
მედიაფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი ვლადიმი სუნგორკინი, დამოუკიდებელი სამეცნიერო ცენტრ „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი, საერთაშორისო ფენ–კლუბის წევრი კირილ პრივალოვი და ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორი ვიტალი ლეიბინი.

რობინზონ ნაჭყებია

„მსოფლიო რყევების ეპოქაში: ვინ გაუძლებს?“ — ამ სახელწოდების ორდღიანი მედიაფორუმი თბილისში 13–14 ნოემბერს შედგა. მისი ორგანიზატორები იყვნენ გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ და პოლიტიკური ცენტრი ჩრდილოეთი–სამხრეთი. საქართველოს  დედაქალაქში ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროების აქტუალურ თემებზე სამსჯელოდ ასზე მეტი სპიკერი შეიკრიბა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოდ სულ ორი დღე იყო გამოყოფილი, ფორუმის მონაწილეებმა პრაქტიკულად ყველა იმ თემის განხილვა მოასწრეს, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს აღელვებს — დაწყებული რუსეთ–საქართველოს ურთიერთობით, დასრულებული ახლო აღმოსავლეთის პრობლემებით. ზოგჯერ კამათი ისე მძაფრდებოდა, რომ ჰაერი თითქოს ვარვარდებოდა… 

მეგობრობა გზად და ხიდად

ჩვეულებრივი თბილისური დილა. სასტუმრო „ამბასადორის“ ფოიე. ფუსფუსი. გარდერობი, რეგისტრაცია, ბეიჯი სახელითა და გვარით, ხელმოწერა და ფორუმის სრულუფლებიანი მონაწილე ხდები. როგორც წესი, მსგავს ფორუმებზე ადამიანები იმისთვის იკრიბებიან, რომ მეგობრები მოინახულონ, უცხო ქვეყნებში მცხოვრებ ნაცნობ კოლეგებს შეხვდნენ და მიმდინარე მოვლენებზე მოსაზრებები გაუზიარონ. ამ მხრივ არც თბილისური ფორუმი იყო გამონაკლისი. გარედან მაყურებელ ადამიანს დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ ეს უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულების თავყრილობა იყო, სინამდვილეში კი ფორუმზე ერთმანეთს ის ადამიანები ხვდებოდნენ, რომელთაც ერთმანეთი მრავალი წელია, არ ენახათ. მისალმება და პირადი საუბრები მალე დასრულდა. ყველანი დარბაზში მიიწვიეს. მოდერატორები და პირველი სპიკერები მოხერხებულად მოეწყვნენ პრეზიდიუმში და ყველანი მუშაობას შეუდგნენ. 

© photo: SputnikВиталий Лейбин, Марина Ахмедова и Ирина Верещук
Виталий Лейбин, Марина Ахмедова и Ирина Верещук - Sputnik საქართველო
Виталий Лейбин, Марина Ахмедова и Ирина Верещук

ზესახელმწიფოთა ეპოქის დასასრული

სწორედ ასე ეწოდებოდა პირველ სადისკუსიო თემას, რომელიც მსმენელებს რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ დირექტორმა ვლადიმირ მამონტოვმა შესთავაზა. დისკუსია ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დროის უმეტესი ნაწილი მსმენელების შეკითხვებმა წაიღო და არა თავად მომხსენებლის პასუხებმა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ჟურნალისტები წინასწარ იყვნე ნ მომზადებულები ამ თემისთვის. ყველას ერთი რამ აინტერესებდა: თუ ზესახელმწიფოთა ეპოქა მართლაც დამთავრდა, მაშინ რა ადგილი უკავია მსოფლიოში აშშ–ს, რუსეთს ან ევროკავშირს? ამ კითხვაზე ვლადიმირ მამონტოვმა უპასუხა, რომ „თითოეულ მათგანს თავისი ადგილი აქვს მსოფლიოში“. 

გიყვარდეს ინტერვიუერი

ამ სიტყვებით დაიწყო ტრენინგი კირილ პრივალოვმა, რომელიც „წარმატებული ინტერვიუს საიდუმლოებებს“ ეძღვნებოდა. სიტყვით გამოსვლამდე მან ვიქტორინა მოაწყო. იმისათვის, რომ პრივალოვის ავტოგრაფიანი წიგნი „ვარსკვლავური აღსარებები („Звездные исповеди“) მიგეღო, უნდა გეთქვა, რა კითხვა დაუსვა კირილ პრივალოვმა ცნობილ იაპონელ კინორეჟისორ ტაკეში კიტანოს, რათა აელაპარაკებინა იგი. გამარჯვებულის გამოვლენას დრო დასჭირდა. შეკითხვა „როდის გასინჯეთ პირველად შოკოლადი?“ ვერავინ გამოიცნო, მაგრამ შოკოლადთან მიახლოებული პასუხი ქართველმა ჟურნალისტმა გაახმოვანა და წიგნიც მას ერგო. პრივალოვი დარწმუნებულია, რომ წარმატებული ინტერვიუს მიღებისთვის რესპონდენტი უნდა გიყვარდეს, მიუხედავად მისი შეხედულებებისა და ცხოვრების წესისა. ამას გარდა, ინტერვიუსთვის უნდა მოემზადო და განეწყო, სწორედ ისე, როგორც მსახიობი სცენაზე გასვლის წინ. 

უკრაინის გარეშე არაფერი გამოვა

ვიტალი ლეიბინი და მარინა აჰმედოვა — მათ წარდგენა არ სჭირდებათ. ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორი და გამოცემის ჟურნალისტი მკითხველებს მოვლენების ეპიცენტრიდან მოუთხრობენ დონბასში მიმდინარე ომის შესახებ. ისინი შეიარაღებული წინააღმდეგობის დაწყების დღიდან ჩადიან უკრაინის აღმოსავლეთში. ბუნებრივია, მათ ბევრი აქვთ მოსათხრობი. ლეიბინისა და აჰმედოვასთან ერთად მედიაფორუმის დამსწრეების წინაშე ასევე გამოვიდა ქალაქ რავა–რუსკაიასყოფილი მერი ირინა ვერეშჩუკი. 

მიუხედავად იმისა, რომ სადისკუსიო თემას „რეპორტაჟული ჟურნალისტიკა: ჟანრის სპეციფიკა „უკრაინულის გაკვეთილების“ რეპორტაჟული სერიის მაგალითზე“ ერქვა, ჟურნალისტიკაზე საუბარი ვერ მოხერხდა. მოდერატორი არ იყო. ვითარებამ ვიტალი ლეიბინი აიძულა, თავად ქცეულიყო მოდერატორად, ვინაიდან მედიაფორუმის მონაწილეებმა უამრავი შეკითხვა დაუსვეს უკრაინის ადმინისტრაციულ–ტერიტორიულად დაყოფის პრობლემებსა და ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის პოლიტიკაზე. ეკითხებოდნენ ყველაფერს იმის გარდა,  თუ როგორ უნდა გაშუქდეს საომარი მოვლენები დონბასის მაგალითზე. საბოლოოდ ყველა შეთანხმდა, რომ გამოყოფილი დრო საკმარისი არ იყო და საუბარმა კულისებსმიღმა გადაინაცვლა. 

 

თამაში

პირველი დღე დასასრულს უახლოვდება. ყველას დაღლილობა ეტყობა, მიკროფონსაც კი, რომელმაც აურია კიდეც. გამოსავალი ისევ ფორუმის ორგანიზატორებმა იპოვეს — ახალგაზრდა ჟურნალისტებს თამაში შესთავაზეს: დაეწერათ კავკასიის შესახებ დოკუმენტური  ფილმის სცენარი. ეს კი მარტივი ამოცანა როდი იყო. ფორუმის მონაწილეები ოთხ გუნდად (თითოეულში შვიდ–შვიდი კაცით) დაყვეს. ჩვენ ერთ საათში უნდა მოგვეფიქრებინა ფილმის სცენარი და სახელწოდება და პოსტერიც უნდა დაგვეხატა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხიდან სამი გუნდის სცენარი მხატვრული ფილმის სცენარს ჰგავდა, ამოცანას მაინც ყველამ გაართვა თავი. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვეს ორგანიზატორებმა. გამარჯვებული გუნდის წევრებმა მობილური ტელეფონების პორტატული დამტენები გადაეცათ საჩუქრად. 

სამოქალაქო ჟურნალისტიკა და სოციალური ქსელები

სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით შეიტყო ფორუმის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ, რომელიც პარიზში 13 ნოემბერს დატრიალდა. ბლოგერ ვლადისლავ შურიგინის სასწავლო ბლოკი წუთიერი დუმილით დაიწყო. შურიგინმა დაარწმუნა შეკრებილები, რომ სამოქალაქო ჟურნალისტიკას, უფრო მეტად, სოციალურ ქსელებს თავისი ხიბლი აქვს ოპერატიულობის თვალსაზრისით. თუმცა არცერთმა პოპულარულმა ბლოგერმა არ უნდა დაივიწყოს იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მკითხველის წინაშე აკისრია. ნებისმიერ ინფორმაციას შეუძლია შეუცვლელი ოპერატიული დახმარებაც გაგვიწიოს და „დამღუპველ სისულელედაც“ იქცეს.   

მრგვალი მაგიდა

ირაკლი თოდუა, გიგლა გობეჩია, იულია იაკუშევა, კირილ პრივალოვი, ნიკოლაი სილაევი და გრიგოლ ონიანი იყვნენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები თემაზე „დიდი სამამულო ომი და ჟურნალისტის ეთიკა“. ამ ღონისძიების მოდერატორი გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედატორი ირაკლი თოდუა გახლდათ. ეს თითქოს ჩვეულებრივი სადისკუსიო თემა იყო, მაგრამ ასე არ გამოდგა… „ხმაური“ საერთაშორისო ორგანიზაცია „სტალინის“ თავმჯდომარე გრიგოლ ონიანმა ატეხა, რომელმაც გორის ცენტრალური მოედნიდან იოსებ სტალინის ძეგლის აღების გამო რუსეთის ქვეშევრდომობა მოითხოვა. ახალგაზრდობამ მას ვერ გაუგო.  

რეპორტაჟის მომზადების საიდუმლოებები 

რუსეთის პირველი არხის კორესპონდენტი გიორგი ოლისაშვილი საათნახევრის განმავლობაში უხსნიდა ახალგაზრდა ჟურნალისტებს, როგორ უნდა შეიქმნას წარმატებული რეპორტაჟი. მან საკუთარი კოლეგის მაგალითზე გაამჟღავნა კულისებსმიღმა ჟურნალისტიკის საიდუმლოებები. არც ამ თემამ ჩაიარა კამათის გარეშე. ყველაფერზე მსჯელობდნენ — დაწყებული „რასკადროვკით“, დასრულებული ტექსტით. 

„აქვს თუ არა ჟურნალისტიკას მომავალი? ერთმნიშვნელოვნად აქვს!“, — სწორედ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა ფორუმის სპეციალურმა სტუმარმა, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ მთავარმა რედაქტორმა ვლადიმირ სუნგორკინმა. უნდა აღინიშნოს, რომ სუნგორკინს დიდი დრო არ დაუხარჯავს საკუთარი მოხსენების პრეზენტაციაზე. კითხვა–პასუხის რეჟიმზე ლამის მისი გამოსვლისთანავე გადავიდნენ. ახალგაზრდა ჟურნალისტებს აინტერესებდათ მისი მოღვაწეობის სფერო, კერძოდ, საგამომცემლო სახლ „კომსომოლსკაია პრავდას“ საქმიანობა. დისკუსიის ხაზი გაესვა, რომ „კომსომოლსკაია პრავდა“ რუსეთის უმსხვილესი გამოცემაა, რომ გაზეთს ფილიალები აქვს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომ მასთან თანამშრომლობას პატივად მიიჩნევენ ისეთი მსხვილი ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტოები, როგორებიც არიან „როიტერი“ და „ასოშეითედ პრესი“. 

ორდღიანი მედიაფორუმის ჰედლაინად „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ სამეცნიერო ცენტრის პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი იქცა. მან აუდიტორიის ხელში აყვანა და არგუმენტირებული ფაქტებით იმ ბოროტებაზე თხრობა შეძლო, რასაც „ისლამური სახელმწიფო“ სჩადის. 

მალე შეხვედრამდე

ევგენი სატანოვსკი საერთაშორისო კავკასიური მედიაფორუმის ბოლო სპიკერი გამოდგა. ფორუმის მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკაბი გადაეცათ. ორგანიზატორებმა კი ორდღიანი სამუშაოს შედეგები შეაჯამეს. მონაწილეთა მხრიდან იყო რეკომენდაციები, სურვილები და უკმაყოფილებაც კი. თუმცა ერთზე ყველა შეთანხმდა, რომ ამგვარი ღონისძიებები უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს. ამ მოსაზრებას იზიარებენ ორგანიზატორებიც, რომლებმაც  ფორუმი პათოსით დაასრულეს: „გემშვიდობებით, მაგრამ ვიცით, რომ კვლავ შევხვდებით“. 


ყველა ახალი ამბავი
0